ახალი ამბები
კასპელ ვეტერანს გრიშა ბაინდურაშვილს 100 წელი შეუსრულდა
მეორე მსოლიო ომის ვეტერანს, კასპელ გრიგოლ (გრიშა) ბაინდურაშვილს დღეს 100 წელი შეუსრულდა. იგი ჰოლანდიაში კუნძულ ტექსელზე, გერმანელთა წინააღმდეგ ქართელთა ბატალიონის აჯანყების მონაწილეა. ომმა გრიგოლ ბაინდურაშვილს სავალდებულო სამხედრო სამსახურში ლიტვაში, ქალაქ პლუმბერდში - პოლონეთის საზღვარზე მოუსწრო.

1943 წლის ივნისში პოლონეთში ტყვედ ჩავარდნილი ქართველებისგან 822-ე ქართული ბატალიონი ჩამოყალიბდა. 1945 წლის თებერვალში გერმანელმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, რომელშიც 800-მდე ქართველი და 400-მდე გერმანელი იყო. მათ იქ ორი უმძიმესი წელი იცხოვრეს. აპრილში ბატალიონი აჯანყდა, რომელსაც ქართველი მფრინავი შალვა ლოლაძე ხელმძღვანელობდა და მრავალი ქართველის სიცოცხლე შეიწირა.

კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ გრიგოლ ბაინდურაშვილს საიუბილეო თარიღის მისალოცად ბინაზე ეწვივნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და პრეზიდენტისგან გამოგზავნილი საჩუქარი გადასცეს.

ტექსელის აჯანყების მონაწილეს, იუბილე ასევე მიულოცა და საჩუქრები გადასცა კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ, საქართველოს ვეტერანთა დეპარტამენტის კასპის სამსახურმა და ომის ვეტერანმა 95 წლის სოფელ მეტეხის მკვიდრმა ოთარ აზამაიფარაშვილმა. ვეტერანებმა გაიხსენეს ბრძოლის ეპიზოდები და გარდაცვლილი თანამებრძოლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები