ახალი ამბები
,,კედლები ზანზარებენ" - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს
ფოტოზე: სოფელი ხვითი

რუსეთის სამხედრო ძალები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საბრძოლო წვრთნებს ახორციელებენ. სროლისა და აფეთქების ხმებმა მოსახლეობაში შიში გამოიწვია.

მდებარე სოფლებში მცხოვრებლების თქმით, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს და ისვრიან როგორც მსუბუქი იარაღიდან, ისე მძიმე არტილერიიდან.

როგორც qartli.ge-ს, სოფელ ნიქოზსა და ზემო ხვითში ადგილობრივებმა განუცხადეს, შექმნილი ვითარებით ისინი შეშინებულები არიან.

“იმხელა სროლის ხმებია, კედლები ზანზარებენ. კი მოშორებით ვართ მაგრამ, მაინც გვეშინია, ერთი კვირაა ძაან გააქტიურდნენ. დიდები კი შეგუებულები ვართ მაგრამ, პატარებს როგორ უნდა ავუხსნათ?! ერთი სიტყვით, არაა კარგი მდგომარეობა”, - ამბობს ომარ ნანკოშვული.

რუსული და ოსური საინფორმაციო საშუალებები ჩრდილოეთ კავკასიასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში" საბრძოლო წვრთნების შესახებ უკვე რამდენიმე დღეა იუწყებიან. მათი ინფორმაციით, 17 თებერვალს რუსეთმა ტაქტიკური წვრთნები დაიწყო სამხრეთის სამხედრო ოლქში. სწავლებაში მონაწილეობენ რუსეთის 58-ე არმიის მოტომსროლელი შენაერთები და სამხედრო ნაწილები, რომლებიც დისლოცირებული არიან ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში.

,,ხან გიჟივით გამოვვარდები ქუჩაში და ვამბობ, რა ხდება? დავინახავ, რომ იქიდან არის სროლები, მაგრამ ჩვენ რა შეგვიძლია, არაფერი. არის შემთხვევები, რომ კაკანი გაუდის, არის შემთხვევები რომ ცოტა ჩაწყნარებულია. ბოლო დღეებია ძლიერი ხმები მოდის”,-ამბობს ჯემალ ნიკუჭაძე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები