ახალი ამბები
გორში ოჯახური ძალადობის ბრალდებით 37-წლის მამაკაცი დააკავეს
წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს მამაკაცს, რომელსაც ანალოგიურ ბრალდების საქმეზე პირობითი მსჯავრი, 6 თვის ვადით ჰქონდა შეფარდებული. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა დღეს საღამოს მიიღო.

37-წლის მამაკაცს ბრალი, მეუღლის ცემასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელებაში ედება.  პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი ამტკიცებს, რომ ქმარმა მეუღლეს თავში ჩაარტყა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

მამაკაცი ამბობს, რომ 2020 წლის 18 თებერვალს სახლში საერთოდ არ იმყოფებოდა.

,,ასე ჰარი-ჰარალოთ ხომ არ ხდება ადამიანის დაჭერა და დაღუპვა?“ - განაცხადა ბრალდებულმა. ამ კომენტარმა მოსამართლის გაოცება გამოიწვია. ,,რატომ ფიქრობთ, რომ, როგორც თქვენ ამბობთ, ჰარი-ჰარალოთ გღუპავენ?“ - ჰკითხა მოსამართლემ.

,,მე აღარც დედა მყავს და აღარც მამა. მამის ორმოცი 10 დღეში უნდა იყოს. ჩემს ყოფილ ცოლს კოტეჯის ხელში ჩაგდება უნდა. მაგ დღეს მე სახლში საერთოდ არ ვყოფილვარ. დილით წავიყვანე ბავშვი საბავშვო ბაღში. მერე საერთოდ არ მივსულვარ სახლში. დამიჯერეთ, ამ საქმეში უდანაშაულო ვარ. მაგას ჩემი დაჭერა უნდა“ - აცხადებს ბრალდებული.

პროკურორი ოთარ ხორგუაშვილი არ დაეთანხმა ბრალდებულის პოზიციას და განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება წარსულშიც ანალოგიურ საქმეზე იყო ბრალდებული და 6 თვის ვადით პირობითი მსჯავრი ჰქონდა მისჯილი. ამავე დროს, სასამართლოს განაჩენით, მეუღლესთან განრიდება ჰქონდა შეფარდებული.

,,სულ ერთი თვის წინ, იანვარი იყო, თვითონ მოვიდა სახლში და მითხრა, შევრიგდეთო. მერე სარჩელი შეიტანა სასამართლოში, ბავშვის წილი უნდოდა და ალბათ იმ ბავშვის წილში უნდა ცხოვრება. ზუსტად 18-ში იყო ჩანიშნული სხდომა, მაგრამ გადაიდო. მე საერთოდ არ ვაპირებ მასთან ცხოვრებას. ის თვითონ მოვიდა ჩემთან სახლში. კიდევ ვიმეორებ, მაგ დღეს, სახლში საერთოდ არ ვყოფილვარ. ბავშვი მივიყვანე ბაღში, მერე მამაჩემის საფლავზე ავედი, ორმოცისთვის ვემზადები, ცოტა დავლიე და დავბრუნდი კოტეჯებში. გზაზე მაჩერებენ და მეუბნებიან, რომ უნდა დაგაკავოთო. ვერ ვიგებ საერთოდ რისთვის? ან ექსპერტიზა არ არსებობს? ან რამე? როგორ შეიძლება კაცს ასე ხელი დაადოს?“ - ამბობდა ბრალდებული.

მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ადგილზე თათბირით გადაწყვიტა, რომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეფარდებოდა:

,,საქმის მასალების მიხედვით, თქვენ და თქვენი მეუღლის თანაცხოვრების პერიოდში, არაერთხელ მომხდარა კონფლიქტი, ასევე, მსჯავრდებული ხართ წარსულში ანალოგიურ საქმეზე. ამდენად, მომეტებული ალბათობა არსებობს იმისა, რომ კვლავ გაიმეოროთ დანაშაული და მოწმეზე ზეწოლა მოახდინოთ“ - განაცხადა მოსამართლემ.

მან პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები