ახალი ამბები
,,ჩემი შეშა სხვას მისცეს" - კიდევ ერთი პრეტენცია ვარიანის მეურნეობაში
ვარიანის მეურნეობის დასახლებაში მცხოვრები ეთერ ვანიშვილი აცხადებს, რომ მისთვის განკუთვნილი შეშა სხვას მიუტანეს. ამის შესახებ ის qartli.ge-ს ესაუბრა.

მისი ინფორმაციით, სკოლის ეზოში ხეები გადაბელეს და წაღება ერთი კვირის წინ შესთავაზეს:

,,მივედი, ვნახე და ისეთი მორები იყო, მე იმის არც დამჭრელი ვიყავი და არც სახლამდე მომტანი. ამის საშუალება მე არ მაქვს. ანალოგიურად შეპირდნენ კობერიძეების ოჯახს. ვერც იმათ წამოიღეს შეშა. სამაგიეროდ. სხვას დაუჭრეს და მიუტანეს სახლში" - აცხადებს ეთერ ვანიშვილი.

ეთერ ვანიშვილი ამჟამად გასათბობად ნახერხს იყენებს. ამბობს, რომ სახლის გათბობა ბუნებრივი აირის გამათბობლით ძვირი ჯდება.

გორის მერის წარმომადგენელი ვარიანის თემში პაატა კოკაური აცხადებს, რომ მეურნეობის დასახლებაში მცხოვრები ოჯახების წარმომადგენელთა პრეტენზიები უსაფუძვლოა:

,,ჩვენ შევთავაზეთ ის რესურს რაც გაგვაჩნდა. 10 დღე ველოდეთ, მაგრამ რომ არ გამოჩნდნენ, ეს შეშა სხვებმა წაიღეს" - აცხადებს კოკაური.

qartli.ge წერდა, რომ ანალოგიური შინაარსის პრეტენზია ადგილობრივი ხელისუფლების მისამართით ლია კობერიძემ გამოთქვა. კობერიძის თქმით, მერის წარმომადგენელმა შეშა იმ ოჯახებს მიუტანა, რომელიც ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურ მხარდაჭერად გამოადგებათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები