ახალი ამბები
გორში ყიფიანის ქუჩიდან ბაღებში უკვე მე-4 მანქანა გადავარდა - პრობლემა
,,ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, რაც აქ მანქანა გადმოვარდა და შევესწარით" - გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა, რომელიც ყიფიანისა და ტყვიავის ქუჩების გადაკვეთაზე, ბარაკებში ცხოვრობს.

მისი თქმით, თითოეული შემთხვევა მსხვერპლის გარეშე დასრულდა. მორიგი ფაქტი დღესაც მოხდა. სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრავი მანქანის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

,,ღამეც მომხდარა, მაგრამ წელს რაც იყო, დილის საათებში მოხდა. მოყინული იყო იმ დღეს და მაშინაც ეგრე შემოვარდა მანქანა" - გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

ორივე ქუჩის კვეთაზე კორპუსია, რომლის მცხოვრებლები ასევე შეწუხებულები არიან გახშირებული ავარიით:

,,ჩვენი კორპუსის მცხოვრებლებმა ბევრჯერ მიმართეს მერიას, რომ ე.წ. ბუგაროვკები დაემონტაჟებინათ, მაგრამ უარი მოგვივიდა. მაგ ადგილს არ ეკუთვნის ბუგაროვკებიო. თუ არ ეკუთვნის, რაღატომ ცვივა მანქანები?" - გვითხრა ადგილობრივმა მკვიდრმა.

დღევანდელი შემთხვევის დროს, მსუბუქი ავტომანქანა ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა. საყრდენო ბოძი დაზიანდა, თუმცა მილი გადარჩა. ,,სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლების განცხადებით, ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა საჭირო არ გახდა.





ფოტოზე: ამოტრიალებული მანქანის ფოტო ეკუთვნის kvira.ge-ს

Print

სტატიის გამოყენების პირობები