ახალი ამბები
,,მალე ჯოხს გადავაგდებ" - გორში ,,კარიტასი" 200-მდე ბენეფიციარს ემსახურება
აფხაზეთიდან დევნილი ლალი კუპრეიშვილი აფხაზეთიდან დევნილია. 28 წელია გორში ცხოვრობს. დაეღუპა ქმარი და შვილი. ამჟამად, მარტო ცხოვრობს.



მეგობრისგან შეიტყო, რომ არსებობს ასეთი ორგანიზაცია ,,კარიტასი", რომელიც შინმოვლის პროგრამას ახორციელებს. თვენახევარია პროგრამაში ჩაერთო. იმდენად უკეთესადაა, რომ იმედოვნებს, მალე ჯოხს გადავაგდებ და სამსახურში წავალო. ნანობს, რომ აქამდე არ მიაკითხა ამ ორგანიზაციას:

ლალი კუპრეიშვილი: „ მე თვენახევარია, რაც ამ პროგრამით ვსარგებლობ, მაგრამ ამ მოკლე ხანში ბევრი ყურადღება და სითბო ვიგრძენი. მარტოხელა ქალისთვის ეს არის დიდი რამე. მარტო ვარ სახლში და სულ მეკითხებიან, რამე ხომ არ გჭირდება? ოპერაცია გავიკეთე ფეხზე, ლოგინს ვიყავი მიჯაჭვული და ამათმა წამლებით და მასაჟებით ფეხზე დამაყენეს. მადლობის მეტი რა მეთქმის. მარტო დავრჩი და მხოლოდ ამათი და მეგობრების იმედი მაქვს." სპეციალობით პედაგოგი ვარ და ვაპირებ სამსახურში დაბრუნებას.“

ლალი კუპრეიშვილთან სახლში სამ დღეში ერთხელ თამარ დადიანიძე დადის. თამარ დადიანიძე 11 წელია კარიტასში მუშაობს და მუდმივად მოწყვლადი ჯგუფის პაციენტებთან უწევს ურთიერთობა

,,გორსა და გორში რაიონში დაახლოებით 200 ბენეფიციარს ვემსახურებით. თუ აქვს ბენეფიციარს დევნილობის და სოციალურად დაუცველის სტატუსი, ვემსახურებით უფასოდ. ასევე გვაქვს ფასიანი პაკეტებიც, როცა პირს, რომელსაც ესაჭიროება ექთნის მომსახურება სახლის პირობებში და არ აქვს დევნილის ან სოციალურად დაუცველის სტატუსი, მისთვის ეს მომსახურება ფასიანია. თუმცა, რადგან ვართ საქველმოქმედო ფონდი ფასიანი პაკეტის მიწოდებაც შეღავათიან ფასებში ხდება." - აცხადებს თამარ დადიანიძე.

„კარიტასი“ არის საქველმოქმედო ფონდი და მუშაობს მსოფლიო მასშტაბით. საქართველოლოში 1994 წლიდან დაარსდა და საქართველოს მოსახლეობას დღემდე ეხმარება. გორში ორგანიზაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ფუნქციონირებს.

,,ჩვენი პროგრამა ახლაც გრძელდება. ვაგრძელებთ მომსახურებას სოციალურად დაუცველებისათვის, უნარ შეზღუდულებისათვის, მარტოხელა მოხუცებისათვის და იძულებით გადაადგილებულ პირებისათვის. „შინ მოვლა“ არის სამედიცინო, ფსიქო-სოციალური და საგანმანათლებლო მომსახურების მიწოდება იმ პირთათვის, ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო, შეზღუდული აქვთ საკუთარი თავის მოვლის უნარი და საწოლს არიან მიჯაჭულნი. პროგრამა საყოველთაო სადაზღვეო პაკეტის მიღმაა დარჩენილი. ამიტომ, პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციალისტის მომსახურება ბინაზე, რჩებიან შინ მოვლის გარეშე. ამის საპასუხოდ „შინ მოვლა“ არის საკმაოდ გამართული პროგრამა სამედიცინო დახმარების კუთხით. პარალელურად ჩვენ ვატარებთ ტრენინგებს სამედიცინოს სტუდენტებისა და ექთნებისთვის, რომლებიც იღებენ სპეციალურ განათლებას ამ კუთხით."- გვითხრა ,,კარიტასის" წარმომადგენელმა ოლენა გურგენიძემ.

ორგანიზაცია გერმანიის კარიტასის და გერმანიის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მეშვეობით ფინანსდება. გორის ოფისში ჰყავთ 6 ექთანი, რომლებიც მუდმივად გადიან ტრენინგებს გერმანიის სპეციალისტებთან ერთად.


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები