ახალი ამბები
არჩილ ტატუნაშვილის გატაცებასა და მკვლელობის ხელშეწყობისთვის ბრალდებულები კვლავ ინტერპოლის ძებნილთა სიაში არიან
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, დავით გურწიევი და ალიკ თაბოევი კვლავ ინტერპოლის ძებნილთა სიაში არიან. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან ორი წელი გავიდა.

ინტერპოლისთვის მიწოდებული მასალების მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა არჩილ ტატუნაშვილისა და მასთან ერთად მყოფ ორ მოქალაქეს, თავისუფლება უკანონო აღუკვეთეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ წამებაში.

მკვლელობის შესახებ მთავარმა პროკურატურამ განცხადება ჯერ კიდევ 2018 წლის 14 ივნისს გაავრცელა.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად დადიოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ეწეოდა მცირე სამეწარმეო საქმიანობას. 2018 წლის 20 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ზემოხსენებული ტერიტორია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის აგვისტოში, რის გამოც გადაწყვიტეს მისი დასჯა და წამება.



2018 წლის 22 თებერვალს, ახალგორის რაიონის სოფელ მოსაბრუნთან, არჩილ ტატუნაშვილს, ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურატურის პროკურორის თანაშემწემ დავით გურწიევმა, ოკუპირებული ახალგორის ე.წ „КГБ“-ს სამსახურის განყოფილების უფროსმა ალიკ ტაბოევმა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს სხვა თანამშრომლებმა ჯგუფურად, უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ჯერ არჩილ ტატუნაშვილი, ხოლო მოგვიანებით მასთან მყოფი ორი მოქალაქე გადაიყვანეს ახალგორის რაიონის ე.წ. უშიშროების სამსახურის შენობაში, სადაც არჩილ ტატუნაშვილს დაადეს ხელბორკილი და წამების მიზნით, გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც იგი წაიყვანეს ცხინვალში.

ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის გადაყვანამდე, დანარჩენი ორი მოქალაქე დროებით გაათავისუფლეს, თუმცა შემდგომ კვლავ აღუკვეთეს თავისუფლება.



საქართველოს პროკურატურამ დაადგინა, რომ ცხინვალის ე.წ. პროკურატურის შენობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცველებმა, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, რა დროსაც სხეულზე მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება. მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა.

დავით გურწიევსა და ალიკ ტაბოევს  დაუსწრებლად წარედგინათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ (თავისუფლების უკანონო აღკვეთა - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ) და 25-1441 მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (წამებაში დახმარება, ჩადენილი ჯგუფურად, დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ).

დავით გურწიევისთვის და ალიკ ტაბოევისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".

ქვემოთ ფოტოზე: არჩილ ტატუნაშვილი

Print

სტატიის გამოყენების პირობები