ახალი ამბები
ევროსაბჭოს დელეგაცია სოფელ ხურვალეთს ესტუმრა
ევროსაბჭოს დელეგაცია დღეს სოფელ ხურვალეთში, გამყოფ ხაზთან ჩავიდა. ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ანდერს კნაპე იმ მავთულხლართებთან იმყოფებოდა, რომლის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების სათვალთვალო საგუშაგოა განთავსებული.

სტუმრებს ადგილზე არსებული ვითარება სახელწიფო უსაფრთხოების წარმომადგენლებმა გააცნეს.

"რასაც ჩვენ ვხედავთ, არის უკანონობა. ეს სიტუაცია მიუღებელია. ვითარება, როდესაც ერთი ქვეყანა მეორის ოკუპირებას ახდენს, არის უკანონობა და უნდა დასრულდეს. ამისთვის აუცილებელია დისკუსია. სამწუხაროდ, საერთაშორისო საზოგადოება მეტ ყურადღებას უთმობს სირიას და ირანს. შესაბამისად, ისეთი საკითხები, როგორიც არის უკრაინა და საქართველო, სათანადოდ არ განიხილება. ეს სიტუაცია მოსაგვარებელია. ადგილობრივები არიან მსხვერპლი. ამ ყველაფერს ხალხის სიცოცხლე ეწირება", - განაცხადა ანდერს კნაპემ.

ეს ევროსაბჭოს რეგიონალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. დაგეგმილია მაღალი რანგის შეხვედრები სამთავრობო უწყებებში.

დელეგაციას მასპინძლობდა მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სოზარ სუბარი, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და ევროსაბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის ვიცეპრეზიდენტი თამარ ტალიაშვილი.

ევროსაბჭოს დელეგაციის წევრები გამყოფი ხაზის მიღმა მდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასაც გაესაუბრნენ და მათი პრობლემები მოისმინეს
Print

სტატიის გამოყენების პირობები