ახალი ამბები
გორში ნაფიცი მსაჯულის კანდიდატი დააჯარიმეს
გორის რაიონულ სასამართლოში ის პირი დააჯარიმეს, რომელიც ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატი იყო. ამის შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი მოსამართლემ შეადგინა.

დარღვევის მიხედვით, კანდიდატმა თავი აარიდა ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას და სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა. მას 1000-დან 1500 ლარამდე ჯარიმის გადახდა ემუქრება.

ნაფიცი მსაჯული შეიძლება იყოს პირი თუ იგი სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაფიქსირებულია, როგორც 18 წელს გადაცილებული პირი; ცხოვრობს ტერიტორიაზე, რომელიც იმ სასამართლოს განსჯადობაში შედის, სადაც პროცესი მიმდინარეობს; მას შეზღუდული არა აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური შესაძლებლობები, რაც ხელს შეუშლის მისი, როგორც ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებას.

პირს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის ფუნქციის განხორციელებაზე, თუ უკანასკნელი წლის განმავლობაში იგი უკვე იყო ნაფიცი მსაჯული; იგი ასრულებს ისეთ სამუშაოს, რომელშიც მისი შეცვლა გამოიწვევს მნიშვნელოვან ზიანს; ჯანმრთელების მდგომარეობის გამო; ხანგრძლივი ვადით იმყოფება ან მიემგზავრება საქართველოს ფარგლებს გარეთ; იგი 70 წელს გადაცილებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები