ახალი ამბები
სურამს ულამაზესი პარკი და მუზეუმი ექნება
ასეთი იქნება ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი და მისი ეზო, რომლის რეაბილიტაცია 2021 წელს დასრულდება. ამის შესახებ ფოტო მასალას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მაკეტი სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ანთიძემ დღეს სურამში მყოფ უკრაინის დელეგაციის წევრებს გააცნო.

სარეაბილიტაციო პროექტის პირველი ეტაპი სამუზეუმო სივრცის დემონტაჟს მოიცავს, რომლის განხორციელება უახლოეს დღეებში, ტენდერის გზით შემრულებელი კომპანიის გამოვლენის შემდეგ დაიწყება.

არსებული ნაგებობის სრული დეგრადირება მეწყრულმა პროცესებმა გამოიწვია. გეგმის მიხედვით, აუთენტური ფორმით აშენდება ახალი სამუზეუმო შენობა. რეკონსტრუქციის შედეგად განახლდება სახლ-მუზეუმის ეზოს ინფრასტრუქტურა. თანამედროვე სტანდარტებით მოეწყობა სამუზეუმო სივრცე, რომელიც ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის.

განახლდება მუზეუმის გალავანი და მისი ყველა ელემენტი. საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისად, მოეწყობა ფონდსაცავები. სამუზეუმო ექსპოზიცია სახლ-მუზეუმის თანამედოვე მუზეოგრაფიის კონცეფციას დაექვემდებარება, რაც მას მეტ შინაარსობრივ დატვირთვას შესძენს.

ინიციატივა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, საქართველოში უკრაინის სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს ეკუთვნის, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესში აქტიურადაა ჩართული.

ლესია უკრაინკას მემორიალური მუზეუმი ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამში, სურამელი აზნაურის, ცნობილი ეთნოგრაფის ნიკოლოზ აბაზაძის XIX საუკუნის სახლშია გახსნილი. მუზეუმის ფონდებში დაცულია ლესია უკრაინკას ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: პოეტის კრებულები, ხელნაწერები, სხვადასხავა ხასიათის დოკუმენტები, სახვითი ხელოვნების ნიმუშები, ნუმიზმატიკური, ფოტო და ეთნოგრაფიული მასალა. მუზეუმის გახსნის ინიციატორი მწერალი გიორგი ლეონიძე იყო.

Print

სტატიის გამოყენების პირობები