ახალი ამბები
უფლისციხესთან ახალი ხიდის ასაშენებლად კომპანია დიზაინზე მუშაობს
კომპანია ,,კონსტრაქშენ სერვისი", რომელიც უფლისციხესთან სახიდე გადასასვლელის მშენებლობას გეგმავს, ახალი ხიდის დიზაინზე მუშაობს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა qartli.ge-ს განუცხადა.

სოფო ჭიჭილეიშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე, გარემოს დაცვის სამინისტროსგან შეფასების დოკუმენტს ელოდებიან, რომლის დადებითი დასკვნის შემდეგ, სამუშაოებს შეუდგებიან.

ახალი ხიდის ასაშნებლად კომპანიასთან ხელშეკრულება 2019 წლის სექტემბერში გაფორმდა. სამუშაოები დაახლოებით 2 მლნ ლარი დაჯდება და 2023 წელს დასრულდება:

,,ამ ეტაპზე პროექტირების ეტაპზე ვართ, ვმუშაობთ დიზაინზე, ასევე, გარემოზე ზემოქმედების ანგარიშს ველოდებით და ტექნიკური დავალების მიღების შემდეგ სამუშაოებს შევუდგებით" - გვითხრა კომპანიის წარმომადგენელმა.

ლამპიონები ღამის განათებებით, ტროტუარები, დეკორატიული მოაჯირეები - ასეთი იქნება ახალი ხიდის ატრიბუტები, რომელსაც უფლისციხის მუზეუმში მიმსვლელი ქვეითები და მძღოლები იხილავენ. ახალი ხიდი არსებული ხიდის გვერდით აშენდება. დღეს არსებული ხიდი 1980-იან წლებში აშენდა. მანამდე ე.წ. დაკიდული ხიდი ფუნქციონირებდა. მის მაგივრად ბეტონის კონსტურქცია ააგეს, რომლის მშენებლობის პროცესს ტრაგიკული მოვლენა ახლდა თან. თავდაპირველი კონსტრუქცია, ე.წ. გატესტვის დროს, ჩაინგრა. სატვირთო მანქანაში მსხდომი მამა-შვილი დაიღუპა.

ახალი ხიდის აშენებამდე სხვა კომპანიამ, ,,ჯეოტექსერვისმა" წინასწარი სამუშაოები ჩაატარა. მდინარის ორივე ნაპირზე ნიადაგის მდგომარეობა შეისწავლეს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები