ახალი ამბები
აძველი ელდარ გუნდიშვილის მეორედ დასაკავებლად რუსმა სამხედროებმა სასიგნალო მაშხალები გამოიყენეს
რუსი სამხედროების მიერ დაკავებული ელდარ გუნდიშვილის შესახებ, ოჯახს ჯერ არავინ დაკავშირებია. მეუღლე, მარიამ გუნდიშვილი შიშობს, რომ ჯარიმის ოდენობა საკმაოდ დიდი იქნება, რადგან 71-წლის მამაკაცი უკვე მეორედ დააკავეს.

გუნდიშვილები სოფელ აძვში ცხოვრობენ. მათი სახლი გამყოფ ხაზთან დაახლოებით 200 მ მანძილზე მდებარეობს. მეუღლე იხსენებს, რომ ელდარი შეშის შესაგროვებლად სახლთან ახლოს იმყოფებოდა. სამხედროებმა სასიგნალო მაშხალები გამოიყენეს და მამაკაცი ისე დააკავეს. მარიამ გუნდიშვილი მომხდარი ინციდენტის თვითმხილველია.

“ფიჩხს აგროვებდა აქვე, სახლთან ახლოს. ხმაური შემომესმა და გარეთ გავედი. დავინახე, ორნი იყვნენ, ჩემი ქმარი კი, ძირს ეგდო. ძალით წაიყვანეს და რაღაცეები გაისროლეს ჰაერში. ვყვიროდი, მიშველეთ-თქო, მერე ცუდად გავხდი. არ ვიცი როგორ გადავიხადო ჯარიმა, უკიდურესად გაჭირვებული ვარ, დახმარებაც მომიხსნეს. იქნებ დაგვეხმაროს ვინმე”, - აცხადებს დაკავებულის მეუღლე.

მარიამ გუნდიშვილის თქმით, შიარაღებული ფორმიანების მხრიდან, 71 წლის კაცზე ფიზიკური ძალადობაც განხორციელდა, რადგან, დაინახა, თუ როგორ იწვა ძირს მისი მეუღლე. გუნდიშვილების ოჯახს მძიმე სოციალურ პირობებში უწევთ ცხოვრება, ოჯახს დახმარება ცოტა ხნის წინ მოუხსნეს.

ელდარ გუნდიშვილი რუსეთის სამხედროებმა პირველად 2018 წლის 7 აპრილს, სტუმრად მყოფ თემურ ყაზიევთან ერთად, დააკავეს. ისინი აძვის სალოცავთან ახლოს იმყოფებოდნენ. აძვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია დგას აძვსა და აძვისთავს შორის. ელდარ გუნდიშვილის სახლი გამყოფ ხაზიდან 200 მ მანძილითაა დაშორებული. ორივე სოფელს მდინარე აძურა ჰყოფს.

,,სადღაც 4 საათი იქნებოდა, რომ ძროხა გამექცა და მის გამოსაყვანად მდინარეზე ჩავედი. წესით ნახევარი მდინარე ჩვენი უნდა იყოს, ნახევარი იმათი. ესე მითხრეს, მდინარე სულ ჩვენიაო. ოთხნი იყვნენ და წამიყვანეს. თემურ ყაზიევი თბილისელია და არ ვიცი მის შესახებ არაფერი. დაკავებით ერთად დაგვაკავეს. ნათესავები ჰყოლია იქით, მგონი იმათ გადაიხადეს თანხა, მე არ გადამიხდია." - ამბობს ელდარ გუნდიშვილი. რაც შეეხება თემურ ყაზიევს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ისიც გაათავისუფლეს. თემურ ყაზიევს ახლობლები სოფელ აძვისთავში ჰყავს, თვითონ კი, თბილისელია.


ვიდეო: 2018 წელი



სასიგნალო მაშხალების შესახებ

რუსი სამხედროები ბოლო პერიოდში  სასიგნალო მაშხალებს ხშირად იყენებენ. ამის ამსახველი ვიდეო qartli.ge-მ 2020 წლის 14 თებერვალს გადაიღო.  დაახლოებით 20:00 საათზე, ოკუპირებულ სოფელ ორჭოსანთან, უკანონოდ დისლოცირებული საოკუპაციო ძალების ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენჯერმე განხორციელდა მანათობელი (სასიგნალო) მაშხალის გასროლა.

,,მსგავსი უკანონო აქტივობები პროვოკაციულია და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ გააქტიურებულ იქნა ცხელი ხაზი. ფაქტის შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია." - აღნიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში, რომელიც 15 თებერვალს გავრცელდა.


იხ. ვიდეო: 2020 წლის 18 თებერვალი


Print

სტატიის გამოყენების პირობები