ახალი ამბები
ტრისტან კოჩუაშვილი: ,,მაგ ბავშვის გარდაცვალებაში ჩემ შვილს ბრალი არ მიძღვის"
50-წლის მამაკაცი ზვიად კოჩუაშვილი სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს ელოდება. მას პროკურატურა ედავება 20-წლის თორნიკე მერებაშვილისთვის სასიკვდილო დაზიანებების მიყენებაში.

მისი მამა, ტრისტან კოჩუაშვილი ამბობს, რომ 20-წლის თორნიკეს გარდაცვალების ფაქტზე, მის შვილს ბრალი არ მიუძღვის.

კოჩუაშვილის მხარდასაჭერად სოფელ ხელთუბანში თანასოფლელები დილიდან აქციას მართავენ. ისინი გორში ჩასვლას და პროკურატურაში მისვლას გეგმავენ. აქციის წევრების თქმით, პროკურორი ნანა გუგუტიშვილი ემალება როგორც დაზარალებულ ოჯახს, ასევე, ბრალდებულის ინტერესების დამცველსაც.

დღევანდელ აქციას შეუერთდა გარდაცვლილის მამაც, რომელიც თვლის, რომ ტრისტან კოჩუაშვილი უდანაშაულოა.

,,არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ჩემი შვილი გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობებით და დააგდეს გზაზე. მანქანა საერთოდ გადავლილი არაა" - აცხადებს თორნიკე მერებაშვილის მამა.

ტრისტან კოჩუაშვილი 2019 წლის თებერვალში დააკავეს. სასამართლომ წინასწარი გამოძიების დროს, გირაოთი გაათავისუფლა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ თორნიკე მერებაშვილი მაშინ გარდაიცვალა, როდესაც ტრისტან კოჩუაშვილი მიკროავტობუსით დაეჯახა. თუმცა კოჩუაშვილი ბრალს არ აღიარებს. ადვოკატის თქმით, 20 წლის ბიჭი მანამდე იყო დაჭრილი.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფმა, იმ დღეს, როდესაც მწოლიარე მამაკაცი ნახა ტრასაზე, თვითონ დარეკა სასწრაფოში და პოლიციაში და შველა ითხოვა. მომხდარის ადგილზე მისვლის და დათვალიერების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა ის სახლში უპრობლემოდ გაუშვეს, ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, რომ გარდაცვლილს აღენიშნებოდა მოტეხილობა, ფილტვებში ინსპირაცია და იყო ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. “- განუცხადა ადვოკატმა სულხან კაპანაძემ.

პროკურატურის მტკიცებით 2018 წლის 6 ივლისს, ღამის 2-ის 25 წუთზე, სოფელ ხელთუბნის გზაზე მიმავალმა მამაკაცმა, რომელიც ,,მერსედესის" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, ვერ უზრუნველყო ავტომობილის მართვა და გადაუარა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ თორნიკე მერებაშვილს.

,,2019 წლის 6 თებერვალს მოვიდა ექსპერტიზის დასკვნა, რითაც დადასტურდა, რომ თორნიკე მერებაშვილი გარდაიცვალა ავარიის, მანქანის გადავლის შედეგად." - განაცხადა პროკურორმა ნანა გუგუტიშვილმა.

,,საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გამოიკითხა 140-მდე პირი, ამოღებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერები და ჩატარდა კომპლექსური ექსპერტიზები. მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა მიიღეს გარდაცვლილი თ.მ.-ს კომისიური სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ამავე დასკვნისა და საქმეზე ჩატარებული სხვა საგამოძიებო მოქმედებების საფუძველზე, პოლიციამ ზ.კ. ბრალდებულის სახით დააკავა. გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევის ფაქტზე (რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), საქართველოს სსკ-ს 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს." - აღნიშნულია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ოჯახი აცხადებდა, რომ მათი შვილი მოკლულია. ამის თაობაზე აქციები არაერთხელ გაიმართა და თანასოფლელებმა ცენტრალური ავტომაგისტრალიც კი გადაკეტეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები