ახალი ამბები
გორის საჯარო სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო
გორის საჯარო სკოლებში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით,  სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი ასეთი ღონისძიება 1 მარტს, სსიპ ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლაში დაიწყო.

სადეზინფექციო სამუშაოები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციით, ტარდება. სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დეზინფექცირება 10-მდე დასახელების სხვადასხვა სადეზინფექციო საშუალების გამოყენებით უტარდება.

29 თებერვალს, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საჯარო სკოლებში, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, საგაზაფხული არდადეგები გახანგრძლივდა. არდადეგები 2 მარტიდან 16 მარტამდე გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტენსიური სადეზინფექციო სამუშაოები განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაციით უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებსა და კერძო სკოლებსაც მიმართა.

1 მარტის მდგომარეობით, საქართველოში შემოწმებული 130 პაციენტიდან კორონავირუსი 3-ს დაუფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით,3-ვე შემთხვევა 29 თებერვლამდეა დაფიქსირებული. 29 თებერვალს გამოკვლეული 37 პაციენტიდან კორონავირუსის ახალი შემთხვევა არცერთს დაუდასტურდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები