ახალი ამბები
სალომე ზურაბიშვილი - აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ
,,აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ - კეთილდღეობისკენ." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

დღეს ის საქართველოს პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოვიდა. მისი თქმით, თუ სწორად შევაფასებთ განვლილ გზასა და შესაძლებლობებს, საქართველოს აქვს ჯერაც გამოუყენებელი პოტენციალი საერთაშორისო არენაზე.

,,ევროკავშირსა და ნატოში ჩვენ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი არა მხოლოდ არსებულ პროგრამებში მონაწილეობით, არამედ ჩვენი ინიციატივებისა და ახალი იდეების წარდგენით. კიბერუსაფრთხოება, უსაფრთხო შავი ზღვა და მისი ცენტრალურ საკომუნიკაციო არეალად გადაქცევა ასეთი საკითხებია. გაწევრიანებასთან ერთად, ჩვენი მიზანიუნდა იყოს, დღეს ნატოსა და ევროკავშირში უფრო აქტიურ მოთამაშედ ვიქცეთ." - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სამშვიდობო ნაბიჯები გადიდგა, მაგრამ ამ ნაბიჯების მიღმა მთავრობა უნდა მოემზადოს უფრო საფუძვლიანი პოლიტიკის განხორციელებისთვის.

,,აფხაზებსა და ოსებს მომავლის პერსპექტივა უნდა დავანახოთ, რომელიც იქ ნამდვილად აღარ ჩანს - პერსპექტივა ერთიან სახელმწიფოში; პერსპექტივა, რომელიც საფრთხეს კი არ შეუქმნის მათ, არამედ გზას გაუხსნის ევროპისკენ, ანუ - კეთილდღეობისკენ. გზას საკუთარი ენისა და კულტურის გადარჩენისკენ, თვითმყოფადობის გამყარებისკენ. თუმცა, ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ახალი პერსპექტივის შექმნა და დეოკუპაცია ერთმანეთისგან ვერ გაიმიჯნება." - განაცხადა პრეზიდენტმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები