ახალი ამბები
ნიქოზელი კერამიკოსები


წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სახელოვნებო სკოლა, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ცხინვალისა და ნიქოზის მიტროპოლიტ ისაიას ინიციატივით დაარსდა. აქ რამდენიმე სოფლის ბავშვები ხელოვნების სხვადასხვა დარგს ეუფლებიან.

გორელი ოსტატი გიორგი ტატულაშვილი 5 თვეა, რაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში სკოლაში ბავშვებს კერამიკაზე მუშაობას ასწავლის. გიორგი ტატულაშვილს სკოლაში მუშაობა მეუფე ისაიამ შესთავაზა.

,,სკოლაში მუშაობა შარშან მეუფე ისაიას თხოვნით დავიწყე. მეუფე ახალგაზრდობაში, სანამ გახდებოდა სასულიერო პირი, თვითონაც სწავლობდა კერამიკას და კინომატოგრაფიას. ის ყველაფერს აკეთებს, რომ სოფელი არ დაიცალოს ახალგაზრდებისგან. აქ კვირაში 2-ჯერ მოვდივარ, ახლა 10 მოსწავლე მყავს, ჯერჯერობით ჩვენი ნამუშევრების გამოფენა არ მოგვიწყია. გარდა კერამიკისა სკოლაში ისწავლება: რუსული ენა, ინგლისური ენა, ცეკვა, სიმღერა, ასევე აქ ფუნქციონირებს ჩრდილების თეატრი, რომელიც საქართველოში მხოლოდ თბილისში და აქ ზემო ნიქოზში ისწავლება."- ამბობს გიორგი ტატულაშვილი.



მიტროპოლიტი პროფესიით ანიმატორია და საკუთარ გამოცდილებას ეპარქიის ხელოვნების სკოლაში ნიქოზელ ბავშვებს თავად უზიარებს.

წმინდა ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის სახელოვნებო სკოლა 2013 წელს დაარსდა მეუფე ისაიას ინიციატივით და ამერიკისა და იაპონიის საელჩოს დახმარებით.

შენობაში, რომელიც ახლა სახელოვნებო სკოლა ფუნქციონირებს, აგვისტოს ომის დროს დაიბომბა. მეუფე ისაია ამ მოვლენებს ადგილზე შეესწრო. ,,კასეტური ჭურვებით" მეთერთმეტე საუკუნის საეპისკოპოსო რეზიდენციაც სანახევროდ დაინგრა, სამონასტრო კომპლექსის ნაწილი კი დაიწვა. გადამწვარი და დაბომბილი კომპლექსი აღდგა და სახელოვნებო სკოლაც დაფუძნდა. სკოლაში ანიმაციის სტუდია, ჩრდილების თეატრი, უცხო ენებისა და მუსიკის, ასევე ხალხური მრეწველობის სხვადასხვა დარგის კურსები ჩამოაყალიბა და შექმნილი პროდუქციის რეალიზებისა და სხვათა ნამუშევრების გაზიარებისთვის საერთაშორისო ფესტივალიც დააფუძნა.

აქ ყოველწლიურად, სექტემბერში, ფესტივალი იმართება. 


 

Print

სტატიის გამოყენების პირობები