ახალი ამბები
ელდარ გუნდიშვილი რუსი სამხედროების მხრიდან ცემის ფაქტს უარყოფს
გამყოფ ხაზთან დაკავებული და შემდგომ გათავისუფლებული ელდარ გუნდიშვილი სამხარეო პოლიციაში ხელმეორედ დასაკითხად მიიყვანეს. 

,,ცემა არ ყოფილა. უბრალოდ ვიჭიდავეთ. როცა გავუძალიანდი და წავიქეცი, მაშინ ვიტკინე ცოტა. რაფერი დაჟეჟილობა მქონდა. ეხლა აღარაფერი მტკივა." - განაცხადა ელდარ გუნდიშვილმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ სამხარეო პოლიციის შენობა დატოვა.

გუნდიშვილის ხელმეორედ დაკითხვის საფუძველი ანტისაოკუპაციო მოძრაობა ,,ძალა ერთობაშიას" ლიდერის დავით ქაცარავას დღევანდელი განცხადება გახდა. ქაცარავასთვის ცნობილი გახდა, რომ ელდარ გუნდიშვილს რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებმა სცემეს.

,,დაახლოებით 1 კვირის წინ ოკუპანტების მიერ ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან, სოფელ აძვიდან გატაცებული 65 წლის ელდარ გუნდიშვილი სახლში დაბრუნდა და ეს ყველას ბუნებრივია გვიხარია. მაგრამ როგორც გაირკვა, ოკუპანტებმა ელდარ გუნდიშვილს დაკავებისას სცემეს და მას სხეულზე საკმაოდ სერიოზული დაბეჟილობები აღენიშნება. მოგმართავთ ექიმებს, ვის შეუძლია წამოგვყვეს სოფელ აძვში ელდარ გუნდიშვილის მოსანახულებლად, სავარაუდოდ მას ექიმის დანიშნულება და გარკვეული მკურნალობა ესაჭიროება." - განაცხადა დავით ქაცარავამ 7 მარტს.

ელდარ გუნდიშვილი 26 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში, საღამოს საათებში დააკავეს. 28 თებერვალს საღამოს 71-წლის მამაკაცი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა ერგნეთში საქართველოს შს სამინისტროს წარმომადგენლებს გადასცა.

,,ტყეში წავედი, ერთი ღერი შეშა წამოვიღე. თანდათან, გზაში ვკრეფდი ასკილს. ერთი სამი კილო რომ მოვკრიფე, თან გართული ვიყავი, წამომეპარნენ რუსები, ავტომატებით შეიარაღებულები. გამოქცევა კი დავაპირე, მაგრამ მერე დავიწყეთ ჭიდაობა, ვიბღლაძუნავეთ კარგა ხანი, მერე დამიჭირეს და წამიყვანეს. გადამიყვანეს არცევის ბაზაზე და იქ დამკითხეს, მერე ცხინვალში. ვუთხარი რაც იყო, მე არ გადამიკვეთია, იმათი ბანერი სადაცაა, არ გადავსულვარ, აქეთ ვიყავი. ჯარიმა არ ვიცი ვინ გადაიხადა. დაკავების დროს რაღაცეები გაისროლეს,” - აცხადებდა ელდარ გუნდიშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები