ახალი ამბები
ხაშურში ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
28-წლის მამაკაცს, რომელსაც ყოფილი ცოლის მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. 

პროკურორ მიშა ბერიაშვილის შუამდგომლობა სასამართლომ სრულად გაიზიარა. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მისი ყოფილი მეუღლე მასთან საუბარს გაურბოდა, რადგან ცდილობდა, მისი და ბავშვების მომავალთან დაკავშირებით, ურთიერთობა გაერკვია: 

,,თქვენ თვლით, რომ ქალს როცა არ უნდა ურთიერთობა და საუბარი, ვალდებულია გელაპარაკოთ?" - ჰკითხა მოსამართლემ ბრალდებულს. 

,,ვთვლი იმიტომ, რომ მაინტერესებდა რას აპირებდა მომავალში, ბავშვებს რას უპირებდა. ვცდილობდი ამ თემაზე საუბარს. არ უნდოდა ჩემი დანახვა, იწყებდა ლანძღვას და პროვოკაციას მიწყობდა" - განაცხადა 28-წლის მამაკაცმა. 

როგორც აღმოჩნდა, ის წარსულში ეკონომიკური დანაშაულისთვის იყო ბრალდებული და პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა. ყოფილ მეუღლესთან ურთიერთობასთან დაკავშირებით კი, შემაკავებელი ორდერი არ ქონია. 

25-წლის ქალი 5 მარტს ხაშურის ცენტრში, შუადღეს დანით დაჭრეს.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულმა ხაშურში, ერთ-ერთ ქუჩაზე, ყოფილ მეუღლეს - 1995 წელს დაბადებულ ს.ჩ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით გულმკერდისა და მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

პოლიციის მისვლამდე, ბრალდებული შეაჩერა და განაიარაღა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა, უმცროსმა ინსპექტორმა ალექსი ტაბატაძემ, რომელიც არასამუშაო დროს ქალაქ ხაშურში
იმყოფებოდა და მომხდარ ფაქტს შეესწრო.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები