ახალი ამბები
ხათუნა დვალიშვილი - ,,მინდა, დააფასონ ჩემი შრომა“


31-წლის ხათუნა დვალიშვილი ყოველ დღე მუშაობს. ზამთრის პერიოდში სახლიდან დილის 6 საათზე გადის, ზაფხულობით კი, - 4 საათზე. სამუშაოზე ღიღინით მიდის. მას ქალაქ გორის ერთ-ერთი მთავარი ქუჩის, ჭავჭავაძის გამზირის დასუფთავება ევალება.

„ყოველთვის ასე ღიღინ-ღიღინით მოვდივარ ხოლმე, ბევრჯერ უთქვამთ თანამშრომლებს -,,ე, შენ დაგეხვა ეტყობა“ „რას მღერი მარტო?“ - მიყვარს ესე გართობა, მაიმუნობა. დილით რომ გამოივლიან თანამშრომლები, ამბობენ - „ ოჰ ჩვენი პატარა ბიჭია“ „ ძმა, როგორა ხარ?“ - ამბობს ხათუნა.

ბრაზდება, როდესაც მშობლები თავის შვილებს შენიშვნას არ აძლევენ მაშინ, როცა ბისინი ან თუნდაც უფროსები ქუჩაში ნაგავს ყრიან.

„ვბრაზდები, როცა ვხედავ ვინმეს, ან ბოთლს გადააგდებს, ან სიგარეტის კოლოფს, ან პარკს დადებს ურნის გვერდით, ურნაში არ აგდებს. იმას ხომ მერე ძაღლები აღავებენ და ქალაქი ისევ ნაგვიანდება. ბევრჯერ უფორმოდ რომ გამომივლია და შენიშვნა მიმცია, უთქვამთ - „ნეტა შენ ვინ გკითხავს“ - ვინ მკითხავს და მე ვგვი დილით, მე ვასუფთავებ-მეთქი. ახლა შენ რომ დაანაგვიანებ დილით, მე ხომ უნდა დავგავო-მეთქი?“ - გვიყვება ხათუნა დვალიშვილი.
როცა უხსნის მოქალაქეს, რომ ეს ქუჩა მისი ან მისი თანამშრომლის დასუფთავებულია, მერე ბოდიშს უხდიან:



,,უი, ბოდიში, არ ვიცოდიო. რას ქვია, არ იცოდა? ძალიან მინდა ჩვენი შრომა დააფასონ. ყველაზე მეტად ეს მაღიზიანებს ხოლმე“ - ამბობს ხათუნა დვალიშვილი.

ხათუნა დვალიშვილი მეეზოვედ 19 წლის ასაკიდან მუშაობს. წელს უკვე მე-12 წელია, რაც ამ საქმითაა დაკავებული. სახლში აღარავინ ყავს - არც დედა, არც მამა.

,,დედა 5 წლის წინ დამეღუპა, მამა უფრო ადრე - 7 წლის ასაკში. დედის ავადმყოფობის გამო, სახლი გავყიდეთ, ახლა ქირით ვცხოვრობ. სამუშაოდან სახლში რომ ვბრუნდები, ჯერ სახლში ვალაგებ. მერე თუ რამე სამუშაო გამოჩნდება, იქაც მივდივარ. მიწაც დამიდია ტრაქტორზე, ტვირთიც ამიწევია. ხანდახან ისეთი მდგომარეობა მაქვს, ხელფასი თვითან თვემდე არ მყოფნის. დამატებითი შემოსავალაზეც ვმუშაობ. სახლებსაც ვალაგებ ხშირად“ - ამბობს ხათუნა.

ყველაზე მძიმედ მისთვის დედის ოპერაციისათვის გაყიდული სახლი ახსენდება. ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი საკუთარი ბინის ყიდვაა.

„დედაჩემი საოპერაციო იყო და ბინა გავყიდე. ნაქირავებში ვცხოვრობ. ვწვალობ, რომ ჩემი საკუთარი ჭერი შევიძინო. ყველაზე მეტად ეს მინდა.“ - ამბობს ხათუნა დვალიშვილი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები