ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის პრევენციის მიზნით თვითიზოლაციაში 27 მოქალაქე იმყოფება
გორსა და გორის რაიონში თვითიზოლაციაში 17 პირი იმყოფება, აქედან 2-მა საკარანტინო პერიოდი გაიარა.

რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, კასპში-  5 მოქალაქე; ხაშურში - 4; ხოლო ქარელში 1 მოქალაქეა თვითიზოლაციაში. მათ, საზოგადოებასთან კონტაქტისას, ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინება ევალებათ.

ითარების შესახებ qartli.ge-ს დაავადებათა ეროვნული ცენტრის შიდა ქართლის წარმომადგენელმა ეკა ქორჩაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, კორონავირუსთან დაკავშირებით, ყველა მათგანი ცენტრის რეკომენდაციებს ითვალისწინებს და ყოველდღიურ შემოწმებას გადიან.

,,ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მხოლოდ გორის რაიონში თვითიზოლაციაში მყოფი პირებიდან 2 გახდა შეუძლოდ. გადავიყვანეთ გორის ჰოსპიტალში, სადაც ჩაუტარდათ Covid-19 ზე ტესტი, თუმცა ტესტი ნეგატიური აღმოჩნდა და დავაბრუნეთ სახლში. ამჟამად ისინიც კარგად გრძნობენ თავს." - გვითხრა ეკა ქორჩაშვილმა.

დღეს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განაცხადა, რომ საქართველოში კოროვანირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი უკვე 15-ს შეადგენს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები