ახალი ამბები
სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებულებს ,,ევექსის კლინიკების" წარმომადგენლები შეამოწმებენ
„ევექსი კლინიკები“, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, დასაქმებულთა სამედიცინო და საინფორმაციო მხარდაჭერას იწყებს.

ოჯახის ექიმების მობილური ჯგუფი იმ დასაქმებულებს შეამოწმებენ, ვისაც ყველაზე ინტენსიური შეხება აქვთ მომხმარებლებთან ან ხშირად უხდებათ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნა.

„ევექსი კლინიკების“ ოჯახის ექიმები სხვადასხვა კომპანიაში დღის განმავლობაში დასაქმებულებს შეამოწმებენ. სამედიცინო პერსონალი გასცემს რეკომენდაციებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ასევე, უპასუხებენ ყველა მნიშვნელოვან კითხვას, რაც COVID 19-ის შესახებ დაისმება.

სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში ჩაერთვება „ევექსი კლინიკების“ მოძრავი კლინიკაც. ამიერკავკასიაში პირველად, ექიმებითა და სამედიცინო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა - „ევექსმობილი“ საქართველოში სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ივლის რეგიონში და მოსახლეობას პირველადი ჯანდაცვის სამედიცინო სერვისებს შესთავაზებს. ამჯერად, კლინიკა, ახალი პროექტის ფარგლებში, გადამზადებული ექიმების მობილური ჯგუფით, დიდ კომპანიებში მივა და თანამშრომლების ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამოწმებს.

სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მონაწილეები იქნებიან საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მედიის, კურიერული და ადმინისტრაციული მომსახურების სექტორში დასაქმებულები. „ევექსი კლინიკების“ ექიმების გუნდი ყველა დაინტერესებულ კომპანიას ეწვევა და ეტაპობრივად გაუწევს კონსულტაციას მათ დასაქმებულებს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები