ახალი ამბები
გორში მიუსაფარი ცხოველებისთვის ახალი კლინიკა სექტემბერში იქნება მზად

გორში, კომბინატის დასახლებაში, ახალი კლინიკისა და კომპანიონ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა 2020 წლის 21 სექტემბერში დასრულდება. ამის შესახებ კომპანია ,,მამკოსთან“ დადებულ ხელშეკრულებაშია აღნიშნული.

,,მიუსაფარი ძაღლებისთვის ახალი შენობა ძირითადად კლინიკის ფუნქციებს შეასრულებს“ - გვითხრა გორის მუნიციპალიტეტის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელმა, თამარ აფციაურმა. მისი განმარტებით, ე.წ. თავშესაფარში მხოლოდ ის ძაღლები იქნებიან მოთავსებული, რომელთაც მკურნალობა სჭირდება, ან კიდევ აგრესიულები არიან.

ფოტოზე:
კლინიკა/ლაბორატორი



,,ფუნქცია იგივე ექნება, როგორც ამჟამინდელ შენობაშია. უბრალოდ, ხალხს ჰგონია, რომ ეს არის თავშესაფარი. ეს არ არის თავშესაფარი. ეს არის დაწესებულება, სადაც მიმდინარეობს ძაღლების კასტრაცია და სტერილიზაცია. ეს ყველაფერი ტარდება იმისათვის, რომ ძაღლების გამრავლება აღარ მოხდეს“ - ამბობს თამარ აფციაური.

ახალი თავშესაფარში იქნება ლაბორატორია, სადაც ძაღლებს ოპერაცია ჩაუტარდებათ, ასევე, საზაფხულო ვოლიერები, გასასეირნებელი სივრცე და კარანტინი. გეგმის მიხედვით, ,,თავშესაფარს“ კრემატორიუმიც ექნება, სადაც საჭიროების შემთხვევაში საშიში სენით დაავადებულ ძაღლებს მოათავსებენ და დააძინებენ.

ფოტოზე: საზაფხულო ვოლიერები

ახალ ,თავშესაფარში" დროებით 150-მდე ძაღლის მოთავსების საშუალება იქნება:

,,ჩვენი სააგენტოს ფუნქცია, ძირითადად, ძაღლთა პოპულაციის მართვაა. აქ მოყვანილი ძაღლი გამოჯანმრთელების შემდეგ, დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს.“ - აცხადებს სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე იოსებ ხაბელაშვილი.

ფოტოზე: სასეირნო სივრცე


იგი ამჟამად კურირებს იმ ჯგუფს, რომელიც ქალაქსა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოძახებებზე გადის და აგრესიულ ძაღლებს იჭერს, ან ისეთ ძაღლებს აკითხავს, რომლებიც გასასტერილებელია ან კასტრაციაა ჩასატარებელი.

ფოტოზე: ახალი შენობა



,,რომ იციან, რომ აქ ვმუშაობ, ლეკვებს სახლის წინ მიყრიან. მაგალითად, იმ დღეს გამოვედი სახლიდან და ჩემი კარის წინ ლეკვები იყო მოყვანილი. რა თქმა უნდა, წამოვიყვანე აქ „ - ამბობს იოსებ ხაბელაშვილი.

,,თავშესაფრის“ ფუნქციაა ასევე საზოგადოებაში ცნობიერებების ამაღლების კამპანიაში მონაწილეობა. ლეკვების ყოლის შემთხვევაში სააგენტოში მოქალაქეს შეუძლია ძაღლი წაიყვანოს.






Print

სტატიის გამოყენების პირობები