ახალი ამბები
გორში მიკროავტობუსებით მგზავრობა აიკრძალა


გორის ავტოსადგურიდან მიკროავტობუსებით მგზავრობა აიკრძალა. ამის შესახებ qartli.ge-ს საბილეთო სალაროს წარმომადგენლებმა განუცხადეს.

მათი თქმით, სოფლებში თითო რეისი მოძრაობს, ისიც ავტობუსი. თუმცა, მიკროავტობუსების მძღოლები აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტში სრული კოლაფსი შეიქმნა.

,,მოგვცენ ხსნარი, ან თუ თვითონ არა აქვთ, ჩვენ გავუკეთებთ დეზინფექციას ტრანსპორტს, ყოველი რეისის შემდეგ. მსოფლიო ომის დროს არ გაჩერებულა ტრანსპორტი. ნახეთ, რა ხდება ტაქსებში. იქ უფრო მჭიდროდ არ სხედან? მაგათთვის დაწესდა შეზღუდვები?" - აცხადებენ მიკროავტობუსის მძღოლები.

შეგახსენებთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით, მიკროავტობუსებით მგზავრობა აიკრძალა.

გორის ავტოსადგურში რამდენიმე ავტობუსია გამოყოფილი, მაგალითად, ნიქოზი-ქვემო ხვითის მიმართულებით, ასევე ძევერა-ვარიანი-ახალდაბას მიმართულებით.

მგზავრები ელოდებოდნენ ატენის რეისსაც, თუმცა უცნობია, რა ტიპის სატრანსპორტო საშუალებაა მათთვის გამოყოფილი. რაც შეეხება ზერტსა და ქვახვრელს, იქ ისევ ის სატრანსპორტო საშუალებებია გათვალისწინებული, რაც მანამდე დადიოდა.

ოფიციალური გრაფიკი ჯერ შედგენილი არაა. მძღოლები საჭიროების მიხედვით, მოძრაობენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები