ახალი ამბები
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - პრემიერის გამოსვლა
საქართველოს მთავრობა და მე, დღეს, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 თვით, 2020 წლის 21 აპრილამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მიღებულ იქნა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან დღემდე, თუმცა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ქვეყანა გადადის ვირუსის გავრცელების შემდგომ - შიდა გავრცელების ეტაპზე, რომელიც მოითხოვს დამატებით და განსაკუთრებულ ზომებს, როგორც მთავრობის, ისე ბიზნესისა და საზოგადოების მხრიდან.

„საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ჯერ კიდევ პირველი შემთხვევა გამოვლინდა 26 თებერვალს. დღეს არის 21 მარტი და უკვე 48 ინფიცირების შემთხვევა გვაქვს. 2300 ადამიანზე მეტი საკარანტინო ზონაში და ბევრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

შესაბამისად, თავიდანვე შევქმენით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები - კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

მინდა, ჩამოგითვალოთ ის გადაწყვეტილებები, რომელიც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ იქნა მიღებული

1. შევაჩერეთ სასწავლო პროცესი;

2. ჯარში გაწვევა;

3. საჯარო მოხელეების დიდი ნაწილი გადავიყვანეთ დისტანციური მუშაობის და ელექტრონული სერვისების მიწოდების რეჟიმზე;

4. იგივე რეკომენდაცია გაიცა კერძო სექტორის მიმართ;

5. ეტაპობრივად შევზღუდეთ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო მიმოსვლა, ავკრძალეთ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა საქართველოში შემოსვლა;

6. დავაწესეთ საკარანტინო პროცედურები, გავამკაცრეთ თვითიზოლაციის დაცვის კონტროლი;

7. დავხურეთ სამთო-სათხილამურო კურორტები,;

8. აიკრძალა სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა;

9. შეწყდა სხვადასხვა სახის მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება - როგორც კულტურული, ისე სპორტული;

10. გავეცით სავაჭრო ობიექტების გარდა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ფარგლებში განსაზღვრული ობიექტების და სურსათისა და სააფთიაქო, საბანკო მომსახურების დახურვის რეკომენდაციები.


მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე ძირითადი ამოცანა არის და უნდა იყოს ვირუსის მასობრივი გავრცელების შეფერხება.


იზღუდება 10 კაცზე მეტი ადამიანის თავშეყრა;

მთავრობას ექნება უფლება კერძო ორგანიზაციებს, ბიზნესსუბიექტებს შეუზღუდოს ან დაავალოს კონკრეტული საქმიანობის განხორციელება.

აუცილებლობის შემთხვევაში მთავრობა უზრუნველყოფს მედიკამენტებზე, სამედიცინო მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირებას;

მთავრობა დაადგენს განათლების შესახებ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისგან განსხვავებულ წესებს და პირობებს;

საჭიროების შემთხვევაში მთავრობა შეძლებს, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების საყოველთაო მობილიზაცია;

სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად.


„ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. წინააღმდეგ შემთხვევაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისთვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისთვის - 15 000 ლარის ოდენობით; იგივე ქმედება განმეორებით გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით. სამართალდამცავმა ორგანოებმა საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით უნდა გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები”, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

„ეს გახლავთ ის ჩამონათვალი, რომლითაც ჩვენ მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს. ზოგიერთი ეს ქმედება უკვე შემოღებულია, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ამ მოთხოვნებს მთავრობის მხრიდან ჰქონდა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი დაეთანხმება ჩვენს გადაწყვეტილებას და ის იქნება დამტკიცებული პარლამენტში, ყველა ამ ქმედებას მიეცემა სავალდებულო ხასიათი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები