ახალი ამბები
გორის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ხელის აპარატით ჩაატარეს
გორის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები ხელის აპარატით ჩაატარეს. სამუშაოები 24 მარტს გვიან საღამოს განხორციელდა.

სპეციალისტები მერიის კეთილმოწყობის სააგენტომ დაიქირავა. მისი დირექტორის, ბაჩანა გვიანიშვილის განცხადებით, შეიწამლა ჭავჭავაძისა და სტალინის გამზირზე არსებული ის ობიექტები, სადაც მუდმივად ხალხმრავლობაა.

,,ესენია სკვერები, ატრაქციონები, ისეთი ადგილები, რომელიც ხალხმრავლობით გამოირჩევა" - აღნიშნავს გვიანიშვილი.

ჯერჯერობით, არაა გადაწყვეტილი, თუ როდის მოხდება ქალაქის ქუჩების დეზინფექცია სპეციალური მანქანებით, რომელიც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გუშინ მიიღო. 60 სპეციალური მანქანიდან თბილისს 40 მანქანა ერგო.

დანარჩენი ტექნიკა სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდა, განსაკუთრებით, მარნეულის მუნიციპალიტეტში, სადაც კორონავირუსის შემთხვევა საკმაოდ გაურკვეველ ვითარებაში გამოვლინდა. ქვემო ქართლის ორი მუნიციპალიტეტი - ბოლნსი და მარნეული საკარანტინო რეჟიმში იმყოფება.

რაც შეეხება ქალაქ გორს:

,,სპეციალისტებმა იმსჯელეს ამ საკითხზე. დღეის მდგომარეობით, ქუჩებისა და ფასადების დეზინფექციის საჭიროება შიდა ქართლში, ამ ეტაპზე არ დგას. მაგრამ თუ იქნება ამის საჭიროება, სადეზინფექციო ტექნიკა ჩვენს რეგიონში შევა." - განაცხადა დავით დადიანმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის ოფისის ხელმძღვანელმა.

ქვემოთ ფოტოზე: საქართველოში ჩამოყვანილი სპეცტექნიკა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები