ახალი ამბები
გორში ფერმერებს კორონავირუსის შესახებ კონსულტაციებს უწევენ
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერებს, კორონავირუსთან დაკავშირებით, კონსულტაციებს აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შიდა ქართლის გუბერნატორი და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ამ მიზნით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ წითელუბანში იმყოფებოდნენ:

,,ხდება როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა." - აღნიშნა გუბერნატორმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მან და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ილია თამარაშვილმა აჭარიდან ეკომიგრანტ ფერმერის მერაბ შავაძის ახლადგაშენებული ბაღი მოინახულეს. ასევე, მიმდებარე მეურნეობებში საგაზაფხულო სამუშაოები დაათვალიერეს და ფერმერებს გაესაუბრნენ.

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, შიდა ქართლის რეგიონში საგაზაფხულო სამუშაოები უსაფრთხოების ნორმების დაცვით უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია სამუშაოების თანმიმდევრულად განხორციელება, რათა მოსავლის მიღება რისკის ქვეშ არ დადგეს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები