ახალი ამბები
გორში ბანკებთან შექმნილი რიგების დასარეგულირებლად პოლიცია ჩაერთო
აპრილის თვის სოციალური დახმარებებისა თუ პენსიების წინასწარ ჩარიცხვის ფონზე ბანკებთან გრძელი რიგები გაჩნდა.

გორში საქართველოს ბანკისა და ლიბერთიბანკის შენობების წინ პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო. 

,,ვთხოვთ ყველას, არ გამოვუშვათ სახლებიდან ჩვენი ბებიები, ბაბუები, დედები და მამები, ვიდრე არ გადაამოწმებთ პენსიის ნაღდი ფულით გატანის თარიღს. შევეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ უფროსი თაობა კორონავირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან. დაეხმარეთ მათ შეამოწმონ პენსიის ნაღდი ფულით მიღების თარიღი www.myliberty.ge -ზე. საპენსიო თანხები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში ბარათით გადახდისას" - წერს ლიბერთი ბანკის ადმინისტრაცია.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და "ლიბერთი ბანკთან" აქტიური თანამშრომლობით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში უკლებლივ ყველა ასაკის პენსიის მიმღებ პირზე აპრილის თვის პენსიები წინასწარ ჩაირიცხება.

პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი თანხა მთავრობამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკვე გამოყო.

ასევე ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენსიები განსხვავებული წესით გაიცემა. კერძოდ, პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ "ლიბერთი ბანკის" მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 28 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში – აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.

საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 98-ს მიაღწია

მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 18; კარანტინის რეჟიმში - 4978 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 266.




Print

სტატიის გამოყენების პირობები