ახალი ამბები
მსხვერპლთათვის სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი - ქალთა უფლებადამცველების მიმართვა ხელისუფლებას
ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც განიცდიან ოჯახში ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, იძულებით ქორწინებას, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი. ამის შესახებ განცხადებას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია); კავშირი ,,საფარის“; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიერ შედგენილი განცხადების მიხედვით, COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევთ, რითაც მოძალადეები სარგებლობენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებენ.

უფლებადამცველები ითხოვენ, რომ პოლიციის თანამშრომლებს მიეცეთ შესაბამისი ინსტრუქცია, ძალადობის მსხვერპლის მხრიდან კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში (21:00-6:00 საათის პერიოდში) არ მოხდეს მათი დაჯარიმება.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ძალადობასთან დაკავშირებით სამართლებრივი დახმარებისათვის იმაზე მეტი ქალი დაუკავშირდა, ვიდრე სხვა დროს.

,,საერთაშორისო გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ პანდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა დამატებითი გამოწვევაა, რასაც სახელმწიფომ ეფექტიანი ნაბიჯებით უნდა უპასუხოს. მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს, გადადგან ქმედითი ნაბიჯები საგანგებო მდგომარეობის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ასევე მომხდარ ფაქტებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველსაყოფად." - აღნიშნულია განცხადებაში. 

უფლებადამცველების ცნობით, მსხვერპლებისთვის დამატებით რისკს წარმოადგენს ისიც, რომ პანდემიის გამო პრობაციონერები (მათ შორის ისინი, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ოჯახური დანაშაულისათვის), თავისუფლდებიან პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან. საგანგებო მდგომარეობის გამო შემოღებული ზომები ამცირებს ასევე მსხვერპლების დასახმარებლად ადვოკატების ჩართულობის შესაძლებლობებსაც, რაც ქალებისა და გოგოებისათვის დამატებითი ბარიერია მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

არსებული გამოწვევების საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, მიღებულ იქნას დროებითი პროცედურები, რომლითაც საგანგებო მდგომარეობის დროს მსხვერპლებს ექნებათ შესაძლებლობა, ადვოკატის ჩართულობით დისტანციურად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით მისცენ ჩვენება/ახსნა-განმარტება.

- შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოხდეს იმ წესების ადაპტირება, რომელიც მსხვერპლს და ადვოკატს მისცემს შესაძლებლობას, დისტანციურად იყვნენ ინფორმირებულნი გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნონ საქმის მასალებს. სადაც ეს შესაძლებელია - დისტანციურად მოხდეს მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პროცესში.

უფლებადამცველები მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, შინაგან საქმეთა მინისტრს და სხვა მაღალი თანამდებობის პირებს - გააკეთონ მკაფიო საჯარო მოწოდებები, რომ პანდემიის დროს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შემთხვევები არ დარჩება რეაგირების გარეშე;

კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაააქტიუროს საჯარო კომუნიკაცია იმ სერვისების შესახებ, რომლითაც მსხვერპლებს შეეძლებათ ისარგებლონ, მათ შორის შეტყობინებების გაგზავნასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს ეთნიკური უმცირესობებისათვის გასაგებ ენაზეც. ასევე, პოლიციის თანამშრომლებს მიეცეთ შესაბამისი ინსტრუქცია, ძალადობის მსხვერპლის მხრიდან კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში (21:00-6:00 საათის პერიოდში) არ მოხდეს მათი დაჯარიმება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მიიღოს (ან არსებობის შემთხვევაში - გამოაქვეყნოს) პროტოკოლი, სადაც გაწერილი იქნება თუ როგორ ხდება თავშესაფარში მყოფ და ახალმისულ მსხვერპლთა უსაფრთხოების დაცვა COVID-19-ით დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად. ასევე, მშობლის დაინფიცირების შემთხვევაში, როგორ ხორციელდება თავშესაფარში მოთავსებულ ბავშვზე ზრუნვა.

იუსტიციის სამინისტრომ განმეორებით დანაშაულის ჩადენის რისკების შემცირების მიზნით, გაატაროს პრევენციული ღონისძიებები იმ პრობაციონერთა მიმართ, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ოჯახური დანაშაულისათვის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები