ახალი ამბები
დღეს არჩილ ტატუნაშვილი 37 წლის გახდებოდა
2 აპრილი არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღე. ის დღეს 37 წლის გახდებოდა. სახელმწიფო მინისტრი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა. ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, დღემდე არჩილ ტატუნაშვილის მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი.

„დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, ის 37 წლის გახდებოდა, გვახსოვს და მუდამ გვემახსოვრება მისი თავგანწირვის და მისი გმირობის ამბავი. მისი სიცოცხლე, ყველაზე ძვირფასი რაც ადამიანს გააჩნია, მან დათმო ფაქტობრივად სამშობლოსთვის ბრძოლაში და ღირსებისთვის ბრძოლაში." - განაცხადა ციხელაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან (2018 წლის 20 თებერვლიდან) ორი წელი გავიდა. მკვლელობაში ბრალდებულნი, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები, დავით გურწიევი და ალიკ თაბოევი კვლავ ინტერპოლის ძებნილთა სიაში არიან.

ინტერპოლისთვის მიწოდებული მასალების მიხედვით, აღნიშნულმა პირებმა არჩილ ტატუნაშვილისა და მასთან ერთად მყოფ ორ მოქალაქეს, თავისუფლება უკანონო აღუკვეთეს და მონაწილეობა მიიღეს ჯგუფურ წამებაში.



მკვლელობის შესახებ მთავარმა პროკურატურამ განცხადება ჯერ კიდევ 2018 წლის 14 ივნისს გაავრცელა.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი პერიოდულად დადიოდა ოკუპირებული ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე, სადაც ეწეოდა მცირე სამეწარმეო საქმიანობას. 2018 წლის 20 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან დატოვა ზემოხსენებული ტერიტორია, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებისთვის ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2008 წლის აგვისტოში, რის გამოც გადაწყვიტეს მისი დასჯა და წამება.

,,ოკუპირებულ ცხინვალში შეგახსენებთ, რომ ეს ახალგაზრდა კაცი სასტიკი წამებით რეჟიმმა ფაქტობრივად მოკლა და დღემდე მისი მკვლელები, დამნაშავეები არიან დაუსჯელნი, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ სამართლებრივ სივრცეში მისჯილი აქვთ შესაბამისი სასჯელი. ეს არის კიდევ ერთი ძალიან სასტიკი და ტრაგიკული მაგალითიც და შეხსენებაც იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე. ალბათ, დღეს აი ამ რთულ პერიოდში ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ, რომ არ არსებობს ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე უფრო მაღალი ღირებულება. დაუშვებელია ის, რომ ადამიანები იყვნენ ტყვეობაში რეჟიმის მაშინ, როდესაც სიცოცხლესა და ჯანმრთელობა ემუქრება საფრთხე." - აღნიშნავს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ გარკვეული გონივრული ნაბიჯები გადაიდგმება და აღარ დაიშვება მსხვერპლი: ,,მსხვერპლს ახალგაზრდების, მოხუცების თუ ბავშვების, რომელთაც სჭირდებათ დახმარება, სჭირდებათ გამკლავება თუნდაც პანდემიასთან, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ებრძვის და ჩვენ გვექნება ამის შესაძლებლობა ხელოვნური ბარიკადები, დაუნდობელი შეზღუდვები თუ რეჟიმი არ გახდება ამის დაბრკოლება“-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები