ახალი ამბები
გორში ოჯახური ძალადობის ბრალდებით 25-წლის მამაკაცი დააკავეს
გორში, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს 1995 წელს დაბადებული ჯ.ბ.

შსს-ს ცნობით გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დასთან სტუმრად ყოფნის დროს, მეუღლეს -1992 წელს დაბადებულ ი.ო.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტით და 11 პრიმა-151-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ'' ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

,,ქალებისა და გოგოებისთვის, რომლებიც განიცდიან ოჯახში ძალადობას, სექსუალურ ძალადობას, იძულებით ქორწინებას, სახლი არ არის უსაფრთხო ადგილი." -  ამის შესახებ განცხადებას ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ავრცელებენ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია); კავშირი ,,საფარის“; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) მიერ შედგენილი განცხადების მიხედვით, COVID-19-ის პანდემიის შესაჩერებლად მიღებული ზომების დასაცავად მათ სახლში დარჩენა უწევთ, რითაც მოძალადეები სარგებლობენ და შექმნილ ვითარებას მსხვერპლების საწინააღმდეგოდ, მათზე კონტროლის გასაძლიერებლად იყენებენ.

უფლებადამცველები ითხოვენ, რომ პოლიციის თანამშრომლებს მიეცეთ შესაბამისი ინსტრუქცია, ძალადობის მსხვერპლის მხრიდან კარანტინის წესის დარღვევის შემთხვევაში (21:00-6:00 საათის პერიოდში) არ მოხდეს მათი დაჯარიმება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები