ახალი ამბები
მედოევის თქმით, კორონავირუსის გამო საქართველოდან ხალხი დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში გარბის
,,შეწყვიტეთ თვითრეკლამაზე მუშაობა, იზრუნეთ თქვენს შინაგან საქმეებზე! ” - ნათქვამია დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, COVID-19 – ის თემის გარშემო, პოლიტიკურ სპეკულაციას ეწევიან.

,,თუ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ რამდენად მკვეთრად გაიზარდა ოსურ-საქართველოს საზღვრის დარღვევის ფაქტები და შესაბამისად, გაიზარდა გადამტანთა რაოდენობა, ჩვენ შეგვიძლია ნათლად განვაცხადოთ, რომ ნამდვილი ჰუმანიტარული კატასტროფა ვითარდება მეზობელ ქვეყანაში"- თქვა მედოევმა.

მისი განმარტებით, საქართველოდან ხალხი გაქცევას ცდილობს, რათა ვირუსისგან თავი დააღწიოს:

”ჩვენ სიმპატიით ვუყურებთ საქართველოს მოსახლეობას, ვირუსის სწრაფ გავრცელებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს, პირველ რიგში, საქართველოს ხელისუფლების პრობლემაა, რომლის წარმომადგენლები ქვეყანაში ეპიდემიის რეალური მასშტაბის დამალვას ცდილობენ. ვურჩევ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ყურადღება გაამახვილონ ქართველი ხალხის საჭიროებებზე.”- ნათქვამია განცხადებაში.

მედოევი აღნიშნავს, რომ სამხრეთ ოსეთში ვითარება მკაცრი და საიმედო კონტროლის ქვეშაა: - "საქართველოს სპეცსამსახურების ყველა მცდელობა სამხრეთ ოსეთში პრობლემის ექსპორტისთვის, განწირულია წარუმატებლობისთვის. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ინფექცია სამხრეთ, ოსეთში შემოვიდეს საქართველოდან!”, - თქვა მედოევმა.

,,ცხინვალი შეთავაზებებს არ იზიარებს" - ქეთევან ციხელაშვილი

,,ცხინვალის მიმართულებით მდგომარეობა შემაშფოთებელია. ცხინვალის პასუხი საკამოდ დესტრუქციულია. შეთავაზებებს არ იზიარებს." - აცხადებს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი.


მისი განმარტებით, ერთადერთი ორგანიზაცია წითელი ჯვარია, რომლის მეშვეობით, ცდილობენ სრული იზოლაციის პირობებში ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქონ.

,,ახალგორის მოსახლეობა კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაშია. ამ სრული იზოლაციის პირობებში სხვა პაციენტებსაც შეუზღუდეს კრიტიკულად მნიშვნელოვან ჯანდაცვაზე წვდომა კონტროლირებდ ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას. აღარ ვსაუბრობ ქართული წარწერის მქონე პრეპარატების ამოღებაზე სააფთიათო ქსელებიდან, ისედაც მედიკამენტების დეფიციტის პირობებში. იმედია და ამაზე ვმუშაობთ კიდევ ჩვენი პარტნიორების ხაზით, რომ ახლა მაინც ასეთი უმწვავესი მსოფლიო პანდემიის პირობებში გადაიდგმება ცოტა უფრო გონივრული ნაბიჯები, რომლებზეც დამოკიდებულია ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამაზე უპირატესი ინტერესი არ არსებობს" - აცხადებს ციხელაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები