ახალი ამბები
სურამში ,,სიკეთის ტაქსი" მუშაობს
სურამში მცხოვრებმა რეზი გელაშვილმა და გურამ ბლიაძემ გადაწყვიტეს, საკუთარი ავტომანქანებით უფასოდ მოემსახურონ იმ მოქალაქეებს, რომელთა სამსახურიც არ გაჩერებულა და სურამიდან ხაშურში სამუშაოდ დადიან.

იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა აიკრძალა.

მოხალისე მძღოლებს მათი მეგობარი თამუნა ზარიძეც შეუერთდა, რომელიც თბილისიდან დროებით სურამში, საკუთარ აგარაკზე გადასახლდა.



საკუთარი ინიციატივის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს და შედეგმაც არ დააყოვნა.

საკუთარი სახსრებით ყოველ დღე საწვავის ყიდვას ვერ შეძლებდნენ და გადაწყვიტეს, დახმარება მოქალაქეებისთვის ეთხოვათ. შეგროვებული თანხა სურამი-ხაშურის ყოველდღიური უფასო მარშრუტის საწვავსაც ეყო და საკვებ პროდუქტსაც, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგეს.

მეგობრები აპირებენ მანამდე დაეხმარონ მოქალაქეებს, სანამ საწვავის და პროდუქტების ყიდვას შეძლებენ.

რეზო გელაშვილი ქართული ცეკვის პედაგოგია და საკუთარი ანსამბლი აქვს სურამში და ხაშურში. გურამ ბლიაძე კი, ქვიშხეთის გვირაბის მშენებლობაზე იყო დასაქმებული, სადაც კორონავირუსის საფრთხის გამო მუშაობა დროებით შეჩერდა.


Print

სტატიის გამოყენების პირობები