ახალი ამბები
ვლადიკავკაზსა და ცხინვალს შორის მიმოსვლა 1 მაისამდე შეიზღუდა
რუსეთის საზღვარი, რომელიც დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთს ემიჯნება, 1 მაისამდე იქნება ჩაკეტილი. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს.

როკის გვირაბით სარგებლობა მხოლოდ იმ მოქალაქეებს შეუძლია, ვისაც ცხინვალის რეგიონში დაბრუნება სურს. ბიბილოვის მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ადამიანებმა გამშვებ პუნქტს დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე უნდა მიაკითხონ.

ამასთანავე, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში რუსეთიდან დაბრუნებული მოქალაქეები ვალდებულნი არიან 14-დღიანი საკარანტინო პერიოდი გაიარონ.

დღეს, ჩრდილოეთ ოსეთის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ რესპუბლიკაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 27-ს მიაღწია. ბოლო ოცდაოთხი საათის განმავლობაში ვლადიკავკაზის სამედიცინო პუნქტში 5 ახალი პაციენტი მიიყვანეს.

ანატოლი ბიბილოვმა, თავდაპირველად, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება 27 თებერვალს მიიღო, ისიც მხოლოდ, საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებული ტერიტორიის მიმართულებით. ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტი გაჩნდა.

2020 წლის 1 მარტიდან, კი მსოფლიოს იმ 62 ქვეყნის მოქალაქეს, სადაც კორონავირუსი გავრცელდა. დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ,,შესვლაზე" შეზღუდვები დაუწესდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები