ახალი ამბები
ქრისტეს აღდგომის მახარობლები გორის სასაფლაოზე (VIDEO)


დეკანოზი ლუკა (კარელიძე), სტიქაროსნებთან ერთად, გორის სასაფლაოს ორი დღის განმავლობაში შემოუვლის და მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომას ახარებს. ეს მისია მან დღეიდან იტვირთა.

კვერნაკის დასახლებაში მდებარე, სამების ტაძრის წინამძღვარმა გადაწყვეტილება დილით გაგვანდო. მის მოწოდებას უამრავი გამოხმაურება მოყვა. როგორც ცნობილია, წლევანდელი აღდგომისა და მიცვალებულთა მოხსენიების დღეებში მოქალაქეებს საფლავზე გასვლა აკრძალული აქვთ - კორონავირუსის პანდემიის გამო.

დეკანოზმა ქრისტეს აღდგომა გალობით ახარა მიცვალებულებს, საფლავები აკურთხა და მრევლის მიერ შეგროვებული და ეპარქიაში წითლად შეღებილი კვერცხებიც გარდაცვლილთა საფლავებზე გააგორა.

,,ახალი კორონავირუსის საშინელი პანდემიის პერიოდში ვიმყოფებით და აქედან გამომდინარე ეს სასაფლაო დაკეტილია. ადამიანებს არ აქვთ საშუალება მივიდნენ და თავის საყვარელ გარდაცვლილ ადამიანების მიულოცონ აღდგომა. მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით ჩვენი ტაძრის სამრევლომ შეღება კვერცხები, სტიქაროსნებთან ერთად ვუვლით ყველა საფლავს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს სასაფლაო ძალიან დიდია, ამის გამო ორ დღეზე მოგვიწევს საფლავების შემოვლა. დღეს, აღდგომა დღის მწუხრზე და ხვალინდელ დღეს ყველა საფლავზე მივალთ, ყველა საფლავზე იქნება გაგორებული კვერცხი, დანთებული სანთელი და ყველა გარდაცვლილ ადამიანს ეხარება ქრისტეს აღდგომა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ ჩემს მოწოდებას, ჩემო ძვირფასებო, იყავით სახლში და იყავით მშვიდად, თქვენს გასაკეთებელს, გულწრფელად და სიყვარულით აღვასრულებთ ჩვენ, თქვენს ნაცვლად ვახარებთ თქვენს საყვარელ ადამიანებს ქრისტეს აღდგომას. მოვა აუცილებლად დრო, ისევ მოხვალთ თქვენც და ყველანი ერთად გავაგრძელებთ საფლავზე ლოცვას. დღეს არის საჭირო თქვენ იყოთ სახლში, ხოლო ის, რაც საჭიროა გავაკეთებთ ჩვენ. ქრისტე აღდგა! დარჩით სახლში!", - განაცხადა დეკანოზმა ლუკა კარელიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის დღის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ 21 აპრილის ჩათვლით, სასაფლაოებზე მიმოსვლა აიკრძალა. ასევე, აკრძალა მსუბუქი მანქანების გადაადგილება.


Print

სტატიის გამოყენების პირობები