ახალი ამბები
გორში ნაგვის ბუნკერში ნაპოვნი და გაკოჭილი კნუტები მეძუძურმა კატამ იშვილა
ოტოზე მეძუძური კატაა 7 კნუტთან ერთად, თუმცა ამ 7-დან 4 კნუტი საკუთარია, დანარჩენი სამი კი, ერთმა გოგონამ მიუყვანა. სახლში სხვა ცხოველებიც არიან. თუ როგორ აღმოჩდნენ ნაგვის ბუნკერში გადაყრილი კნუტები ე.წ. ბარაკებში მცხოვრებ თამილა გიგაურის ოჯახში, ამაზე ცოტა ქვემოთ.

კომბინატის დასახლებაში, დილის 7 საათზე, სახლიდან ეზოში ჩასულმა გოგონამ კნუტების კნავილის ხმა გაიგო. არსად არაფერი ჩანდა, ერთადერთი ნაგვის ბუნკერი იდგა. შიგ ჩაიხედა და ახლადდაბადებული 3 კნუტი დაინახა, რომელთაც პირი ახვეული ჰქონდათ.

,, დილის 7:00 სთ-ზე, კორპუსის წინ, პატარა ბაღჩაში გავედი. თან მიუსაფარ ძაღლებს საკვები ჩავუტანე. ამ დროს შემომესმა კნუტების უმწეო კნავილი. მივაყურადე ხმა, საიდან მოდიოდა და ამ ხმამ ბუნკერამდე მიმიყვანა, თუმცა შიგ კნუტები არ ჩანდნენ. აღარაფერს მოვერიდე და გადავეკიდე ბუნკერში, გადავქექე ნაგავი. კნუტები საკმაოდ ქვემოთ იყვნენ მოქცეულნი, პოლიეთილენის პარკში ჩაყრილი. სამი კნუტი, ჯერ ისევ თვალაუხელელები." – გვიყვება გოგონა.

სასწრაფო სახლში წაიყვანა, რბილ საფენებში გაახვია და გამათბობელთან დასვა. რძის ფხვნილით გაკეთებული საკვებით და წვეთოვნით შეეცადა ეჭმია. ერთმა კნუტმა ქოშინი დაიწყო.

,, გულზე მასაჟი გავუკეთე, როგორც შევძელი. მოვიდა გონს. თუმცა, უდედოდ, დიდი ალბათობით, დაიხოცებოდნენ, რადგან რამდენიმე დღისანი იყვნენ. დახმარება ვითხოვე ჯგუფში ,,ჩემი გორი", იქნებ მეძუძური კატა ვინმეს ჰყოლოდა. საბედნიეროდ, გამომეხმაურნენ მეძუძური კატების პატრონები" - აღნიშნავს გოგონა.

მეძუძური კატების პატრონები კი არიან: თამილა გიგაური და ლელა ჩუგუაშვილი. კორონავირუსის პანდემიის გამო და ქვეყანაში ამოქმედებული შეზღუდვების გათვალისწინებით, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში კნუტები ფეხით გაუყვანა.

,,კნუტებით გულში მიხუტებული მყავდა, დედის ტემპერატურა რომ ცოტათი მაინც შემენარჩუნებინა. საბედნიეროდ, მეძუძურმა კატამ არ იუცხოვა და ძუძუც მოაწოვა" - გვითხრა მან, რომელსაც სხვათა შორის, არ სურს ვინაობის გამხელა.

თამილა გიგაური, რომელმაც უდედოდ დარჩენილი, ნაგვის ურნაში ჩაყრილი კნუტები შეიფარა, სოციალურად დაუცველია.

მისი თქმით კნუტენმა უკვე თვალი გაახილეს და თავს კარგად გრძნობენ.

,,ჩემი მეზობელი შემოვიდა დილით ჩემთან და მითხრა, ნახე ფეისბუქზე წერია, ვიღაცას კნუტები გადაუყრია ბუნკერში და ახლა მეძუძურ კატას ეძებს, რომ აჭამოს და გადარჩნენო. შენს კატას რომ მოუყვანონ, შეიძლებაო? იცოდა რომ მე მყავდა სახლში მეძუძური კატა. მე ვუთხარი, მომიყვანოს, მაგას რად უნდა ლაპარაკი-მეთქი." - გვიყვება თამილა გიგაური.

ქალბატონი თამილა ამბობს, რომ მისმა კატამ სხვისი კნუტები ძალიან კარგად მიიღო,:

,,სულ ეფერება, თვალებიც გაახილეს უკვე. თავისი საკუთარი ოთხი კნუტი ჰყავს. ახლა ბულიონს და ცოტა ცხიმიან საჭმელებზე მყავს, რძე რომ ქონდეს კარგად. კნუტებს უკვე გამოუჩნდათ პატრონები, როცა შეძლებენ დამოუკიდებლად ჭამას, წაიყვანენ." - აცხადებს თამილა გიგაური.

მას ბავშვობიდან ძალიან უყვარს ცხოველები, სახლში ახლა 4 კატა, 7 კნუტი და ორი მიკედლებული ძაღლი ჰყავს
.



,,პარალელურად, უპატრონო ძაღლებიც მოდიან ჩემთან და შეძლებისდაგვარად ვაჭმევ ყოველ დღე. ერთი კატა კიდევ ორსულადაა და დღედღეზე დაყრის კნუტებს. მეძუძური კატა, რომელიც ახლა ბუნკერში გადაყრილ კნუტებს აჭმევს, ციმბირული ჯიშისაა და ერთ-ერთმა ოჯახმა მაჩუქა, ვისაც სახლს ვულაგებ-ხოლმე." - ამბობს ქალბატონი თამილა.

ჩვენი რესპოდენტი წმინდაწყალზე ე.წ. ბარაკებში ცხოვრობს, ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი გოგონა.

,,ბავშვბსაც ძალიან უყვართ ცხოველები. თავს სოციალური დახმარებით და სახლების ლაგებით ვირჩენდი, ჩემი მეუღლეც მუშად მუშაობდა. ახლა კორონავირუსის გამო ორივენი უმუშევრები დავრჩით. ძალიან მიჭირს ჩემი ოჯახის გამოკვებაც და ცხოველებისაც, კარგი მეზობლები მყავს გარშემო და ისინიც მეხმარებიან. ძალიან მეცოდებიან უპატრონო ცხოველები, ჩემთან ყოველ დღე ძალიან ბევრი ქუჩის ძაღლი მოდის და როგორც შემიძლია ვაჭმევ", - აღნიშნა Qარტლი.გე-სთან საუბრისას თამილა გიგაურმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები