ახალი ამბები
მუნიციპალიტეტებში 06:00-08:00 და 18:00-19:00 საათებში მანქანით გადაადგილება დასაშვები ხდება
27 აპრილამდე, საქართველოს რეგიონებში დილის 6:00-8:00 საათამდე და საღამოს 18:00-19:00-მდე დასაშვებია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება.

ამის შესახებ ინფორმაციას თელავისა და გურჯანიის მუნიციპალიტეტების პრეს-სამსახურები ავრცელებენ.

ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებული მიმართვის მიხედვით, გადაწყვეტილება სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მიიღეს.

,,გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხო წესები (არაუმეტეს 3 პირი პირბადით)" - აღნიშნულია განცხადებაში.

რაც შეეხება შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებს, მათ ოფიციალურ გვერდებზე მსგავსი შინაარსის მიმართვა ჯერ გამოქვეყნებული არაა.

შეგახსენებთ, 22 აპრილიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ხოლო ავტომობილებით გადაადგილება - 27 აპრილამდე აიკრძალა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მიიღეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები