ახალი ამბები
პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა გახანგრძლივდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს.

პირველკლასელთა რეგისტრაციის I ეტაპი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს ეხებოდა, 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით უკვე წარმატებით განხორციელდა, თუმცა, პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით, გახანგრძლივდა სკოლაში დოკუმენტაციის წარდგენის ვადა.

კერძოდ: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის დოკუმენტაციის წარდგენის საბოლოო ვადად 24 აპრილის ნაცვლად 5 ივლისი განისაზღვრა.

,,ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ წარსადგენ დოკუმენტებში არ იგულისხმება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით შეიცვალა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოსწავლეების ჩარიცხვა განხორციელდება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსის მინიჭების გარეშე. გახანგრძლივებულ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, მოსწავლის რეგისტრაცია გაუქმდება.'' - აცხადებენ რესურსცენტრში.

მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობაა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები