ახალი ამბები
სოფელი გაგლუანთუბანი - განაყარი 3 ძმის ოჯახის შემადგენლობით

იკა, სახლის ეზოში, ბურთს მარტო თამაშობს, არ იცის, სკოლაში, რომელიც 10 კმ მანძილზე დაშორებულ სოფელ ბოშურში მდებარეობს, როდის წავა. კლასში მას 3 თანაკლასელი ჰყავს. ყველა მათგანი სხვადასხვა სოფელში ცხოვრობს.

ამბობს, წელს კიდევ ორი მოსწავლე უნდა შეგვემატოსო, თუმცა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, სწავლა შეწყვეტილია. რა დრომდე გაგრძელდება ე.წ. არდადეგები, არავინ იცის. 

ნიკას ისღა დარჩენია, სახლიდან, პაპას და ბაბოს სახლამდე, მანძილი დღეში 7-ჯერ გაირბინოს. თან ფიცრისგან გაკეთებული სათამაშო თოფი აიკიდოს, გზაში გარეული ნადირის ,,მოსაგერიებლად".

ლოვა გაგლოევის ფუძე


სოფელი გაგლოანთუბანი (გაგლუანთუბანი) გორიდან 38 კმ მანძილზე, მდინარე ტანას ხეობაში მდებარეობს. უახლოესი დიდი სოფელი ბოშურია, თუმცა გარშემო ყველაანთუბანი და ლევიტანა ემიჯნება. ყველაზე უხუცესი ლოვა გაგლოევი (გაგლოშვილი) 80 წლის ხდება.

ამბობს, რომ ზამთარ-ზაფხულ მუდმივი მაცხოვრებელი სამი კომლია, ისიც განაყარი ძმების ოჯახების შემადგენლობით.

,აქ უფრო ბევრნი ცხოვრობდნენ. უფრო ბევრნი იქნებოდნენ, სამამულო ომში რომ არ დაღუპულიყვნენ" - იხსენებს 80-წლის ლოვა გაგლოევი.

სოფლიდან ჯან-ღონით სავსე მამაკაცები მეორე მსოფლიო ომში წავიდნენ, საიდანაც არც ერთი დაბრუნებულან. მათ დარჩათ მცირეწლოვანი შვილები. ერთ-ერთი მათგანის შვილია ლოვა გაგლოევი. ის ერთი წლის იყო, როცა ომი დაიწყო და მამამისი ომში გამოიძახეს:

,,დედამ ობლად გაგვზარდა. გავიზარდეთ შრომაში და წვალებაში. დიდი ხანი იცოცხლა დედაჩემმა, ახლახანს გარდაიცვალა. ამ სოფელში ცხოვრობდა ჩემი მამაც, პაპაც. 90-იან წლებში არეულობა რომ დაიწყო, ბევრი წავიდა აქედან, მაგრამ მე არ წავსულვარ. რაც ჩვენი შრომით და წვალებით დავაგროვეთ, ის ფული კომუნისტების დაშლის შემდეგ სულ გაუფასურდა. მთავარია ცოცხლები გადავრჩით, ფულს ვიღა ჩივის" - ამბობს ლოვა გაგლოევი.

ფულის გაუფასურებაში იგულისხმა ის ფაქტი, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მოქალაქეებს ბანკებში ფული შეატანინეს ანაბრების სახით. ათიათასობით ადამიანმა საბჭოთა პერიოდში დაზოგილი თანხები ანაბრის სახით ბანკებში ჩადეს. თუმცა, ეს თანხები შემდეგ უკან არავის დაუბრუნეს.

ასეთი დაზარალებულთა რიცხვში მოხვდა ჩვენი რესპოდენტი, რომელიც ამბობს, რომ მთელი ცხოვრება შრომასა და დანაზოგის შეგროვებაში გაატარა. იმისათვის, რომ მის შვილებს უკეთესი მომავალი ჰქონოდათ.

შორს მცხოვრები შვილები


ლოვას მეუღლე ანო მაყიშვილია, ის გაგლოანთუბანში 50 წლის წინ გათხოვდა. მისი სოფელი ბორჯომის რაიონში აღარ არსებობს. დედ-მამიშვილები ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ და დღემდე იქ არიან შთამომავლები.

ჩრდილოეთ ოსეთში წავიდნენ ლოვას და ანოს ორი შვილიც. ერთი დაოჯახდა კიდეც.

,,ორივე გოგო იქ წავიდა, ვლადიკავკაზში. ჩვენ დავრჩით აქ დანარჩენ შვილებთან ერთად. ჩემ დედმამიშვილებზე არაფერს ვამბობ. გუშინ ჩემი ძმისშვილის დაკრძალვა იყო, მაგრამ აბა ვერ წავედი." - ამბობს ანო მაყიშვილი.

დენი - პირველი სიხარული

გასული საუკუნის 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, სოფელში შუქი 23 წლის განმავლობაში არ იყო. მხოლოდ 2013 წელს აინთო დენი. დენის შეწყვეტის მიზეზი ტრანსფორტის უქონლობა იყო. სოფლის წარმომადგენლის თქმით, ტრანსფორმატორი, რომელიც 23 წლის წინ დაზიანდა და ბოლოს წაიქცა, აღარც არავის გამოუცვლია. ამას დაემატა სადენების ქურდობა. პროგრამა ,,დენი მთიან სოფლებს" გაგლოანთუბანსაც შეეხო. ამის შესახებ რეპორტაჟი ჯერ კიდევ 6 წლის წინ მოვამზადეთ.

ამ ეტაპზე სოფლის ძირითადი პრობლემა მუნიციპალიტეტის ცენტრთან მჭირდო კონტაქტია: ,,ძირითადად, მესაქონლეობას მივდევთ. ჩვენი შემოსავალი სწორედ ეგაა, რომ ან საქონელს გაყიდი, ან რძის ნაწარმს." - აცხადებს ლაურა მარღიშვილი, ლოვა გაგლოევის რძალი. რაც შეეხება სწავლა განათლებას, სოფლიდან ბავშვებს ტრანსპორტი ემსახურება
.



Print

სტატიის გამოყენების პირობები