ახალი ამბები
სოფელ ღვლევში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ფაქტზე მოსახლეობა გამოკითხეს
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებისა და ტარების ფაქტზე, მოსახლეობა გამოკითხეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივები ადასტურებენ.

გამომძიებლებს აინტერესებთ, თუ ვინ გაიგო სროლის მოხდა, რომელიც 20 აპრილის ღამეს ჰქონდა ადგილი. 

წინასწარი ინფორმაციით, გამოძიების წარმოება რუის-ურბნისის ეპარქიაში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირებას უკავშირდება. მოსახლეობის თქმით, პოლიცია იმ პირებს ეძებდა, ვინც ღამით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა გაიგეს.

,,ერთ ლოყაში რომ შემოგარტყავენ, მეორე უნდა მიუშვიროვო და რავი, თავად ხედავთ როგორ უპირისპირდებიან ერთმანეთს. პოლიცია დადიოდა ორი დღე, ვინ გაიგო ღამით სროლის ხმაო. ვინ იტყვის ეხლა რომ გავიგეო?! არავინაც არ იტყვის. ჩვენ ზუსტად იქ რა მოხდა არ ვიცით, ღამე იყო და აბა გარეთ ვერ ვიქნებიდით, კომენდანტის საათის დროს მომხდარა. წყაროა იქ, შეკრებილან და ერთ მღვდელს ავტომატის მთელი მჭიდი დაუცლია",-ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები