ახალი ამბები
იზოლაციის დღიურები - ნინო ლომიძის ბლოგი
Covid-19-ის პანდემიამ ადამიანების ცხოვრების რიტმი გარკვეულწილად შეცვალა. გამონაკლისი არც ნინო ლომიძე აღმოჩნდა, რომელიც პროფესიით პედაგოგია. Qartli.ge გთავაზობთ, მის ბლოგს, რომელიც თვითიზოლაციაში ყოფნის პერიოდში დაწერა:

იზოლაციის დღიურები

დღევანდელი რეალობა ასეთია, არავინ იცის რა იქნება ხვალ, ვერაფერს დაგეგმავ. სამაგიეროდ კარგად ხვდები განსხვავებას აწმყოსა და წარსულ ცხოვრებას შორის და სწორედ ეს გეხმარება გადააფასო ღირებულებები. გავა დრო და იზოლაციის პერიოდს აღმოჩენების პერიოდს დავარქმევ, იმ „წვრილმანების“ აღმოჩენის, რომელიც თურმე ყველაზე მნიშვნელოვანია და ცხოვრების ყოველდღიური სწრაფი რიტმის გამო გამოგვრჩება-ხოლმე. ოჯახთან ურთიერთობა და შვილების აღზრდა-სწავლების პროცესში ჩართვა ყოველთვის პრიორიტეტულია ჩემთვის. თვითიზოლაციამდე თავისუფალ დროს თუ წიგნების კითხვას, ფილმების განხილვას და მხატვრულ კითხვაში შეჯიბრს ვუთმობდით, ახლა უკვა სხვა გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით, რასაც დისტანციური სწავლა ჰქვია და თითოეულ ჩვენგანს ჩვენი მიზანი გვაქვს: სალომე-საბაზო საფეხურს ამთავრებს და სურს შეინარჩუნოს წარჩინებული მოსწავლის სტატუსი ლეპტოპის მისაღებად; დათა- ახალ სკოლაში ცდილობს ღირსეული ადგილის დამკვიდრებას; მე კი, მე ისე უნდა მივაწოდო გაკვეთილები ჩემს მოსწავლეებს, რომ მათ არ გაუნელდეთ სიყვარული რიცხვთა სამყაროს მიმართ.  ვერ გეტყვით, რომ დასაწყისი მარტივი იყო, თუმცა კომფორტის ზონის დარღვევა ხომ ადამიანებს გამოსავლის პოვნისკენ გვიბიძგებს და მეც მოვირგე სასწავლო ნაწილის როლი: შევუწყე ერთმანეთს თითოეულის გაკვეთილების ცხრილი, გავიყავით ტექნიკა (აქ ცოტა გაგვიჭირდა, მაგრამ მოვრიგდით) დავინაწილეთ საკლასო ოთახები. ვისწავლეთ მინიშნებებით საუბარი, რომ გაკვეთილზე სიწყნარე იყოს; ვასწავლეთ მეუღლეს საკლასო ოთახის რომელი კუთხიდან უყუროს საინფორმაციოს ისე რომ კადრში არ მოხვდეს;  ხანდახან, შესვენებაზე ბუფეტშიც (სამზარეულო) კი ვახერხებთ შეკრებას ჭიქა ყავაზე ან ჩაიზე; ერთადერთი ვისაც ვერ ვასწავლეთ, რომ გაკვეთილების დროს არ უნდა გვიხმოს ეზოში სათამაშოდ, ჩვენი ოთხფეხა მეგობარი- მაქსია, ამიტომ ჩვენს გაკვეთილებს ყოველთვის გასდევს ფონად მისი ყეფა.

დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ რამეს გვასწავლის და აღმოგვაჩენინებს კორონას ეპოქა. ეს პერიოდი კი იქცევა საუკეთესო გამოცდილებად ახალი ცხოვრების უკეთ დასაწყებად.


ფოტოზე დათა, ნინო და სალომე ლომიძეები მაქსისთან ერთად
Print

სტატიის გამოყენების პირობები