ახალი ამბები
გორში 1 ივნისიდან სამგზავრო ტრანსპორტის ფასი შესაძლოა გაიზარდოს
2020 წლის 1 ივნისიდან გორში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს, თუმცა გარკვეული ცვლილებებით.

კომპანია ,,ბუქო 777"-ის დირექტორი ზურაბ ჩეჩელაშვილი ამბობს, რომ კომპანიას მომსახურების ხარჯები ეზრდება, რაც სამგზავრო ტრანსპორტირების ფასზე იმოქმედებს.

მისი განმარტებით, მუნიციპალურ ტრანსპორტში გარკვეული რეკომენდაციების დაწესებამ მგზავრობის თანხის გაძვირება შესაძლოა გამოიწვიოს.

,,დაწყებულია გეგმის შემუშავება, თუ როგორ და რა პირობებში მოუწევთ მუშაობა მძღოლებს, ასევე რამდენი მგზავრის დაშვება იქნება შესაძლებელი ავტობუსში. აქედან გამომდინარე, სანამ ასეთი მდგომარეობა იქნება, შეიძლება მგზავრობის ღირებულებამ მოიმატოს, ვთქვათ თუ ღირდა 1 ლარი და 50 თეთრი, შეიძლება გახდეს 2 ლარი. ჩვენი ინფორმაციით, შეიძლება 1 ივნისიდან მოგვცენ მუშაობის უფლება, ხოლო რაც შეხება ავტოსადგურის მდებარეობას, ისევ იგივე ადგილიდან გააგრძელებს ფუნქციონიერებას", - აღნიშნა შ.პ.ს "ბუქო777"- ის დირექტორმა ზურაბ ჩეჩელაშვილმა.

მძღოლების აზრით, შეზღუდული რაოდენობით მგზავრების გადაყვანა, მათთვის ზარალი იქნება, მგზავრობის საფასურის გაძვირება კი მოსახლეობაში უკმაყოფილებას გამოიწვევს. მათივე თქმით, ამ კრიზისის დასაღწევად სახელმწიფო საწვავით უნდა დაეხმაროს.

,ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა, მაგრამ უნდა იყოს ისეთი პირობები, რომ მანქანის შენახვა და ოჯახში პურის ფული შეტანა შევძლოთ. თუ გვითხრეს, რომ ავტობუსში არ აუშვათ 10 კაცზე მეტი და მიკროავტობუსში 5 კაცი, ესე ჩვენ ვერ ვიმუშავებთ. მარტო ის ხომ არ არის, რომ საწვავის თანხა დავფაროთ? მანქანასაც შენახვა უნდა და ოჯახსაც. ორ ,,კაპიკი" რომ ვიშოვოთ, მაგისთვის ვმუშაობთ და თუ ეგეთი პირობები იქნება, ვალი დაგვედება და წაგებაზე მოგვიწევს მუშაობა. რაც შეეხება მგზავრობის საფასურს, კიდე სადამდე უნდა გაზარდონ, რომ ჩვენთვისაც საკმარისი იყოს და ხალხშიც უკმაყოფილება არ გამოიწვიოს? აუცილებლად გამოიწვევს მგზავრების უკმაყოფილებას და ისევ ივლიან ტაქსებით. ამ ეტაპზე გამოსავალი იქნება ის, რომ სახელმწიფომ და გორის მერიამ უზრუნველყოს საწვავი, რათა ამ სიტუაციიდან იოლად გამოვიდეთ. ცოტა შეღავათი გვექნება", - განაცხადა Qartli.ge-თან საუბრისას ავტობუსის მძღოლმა თემურ სეხნიაშვილმა. 

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 30 მარტიდან 22 მაისამდე გამოცხადდა. აღნიშნულ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება აიკრძალა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები