ახალი ამბები
,,აქ იცი, რამდენი ხალხი ცხოვრობდა?" - კოშკები (რეპორტაჟი)
ეთნიკური ოსებით დასახლებული მაღალმთიანი სოფელი კოშკები, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის ტერიტორიულ თემში შედის. აქ: ჩოჩიშვილები, გაზაშვილები, გობოზაშვილები, კაბულაშვილები და ხარებოვები ცხოვრობენ.

პირველი შთაბეჭდილება, რაც სოფელში სტუმრობისას მივიღეთ არის - ულამაზესი მთები, რომლებითაც გარშემორტყმულია სოფელი, ასევე უძველესი კოშკები და სიმაგრეები, რომლებისგანაც სავარაუდოდ ისახელა ეს სოფელი. კოშკებს პატარა მდინარე - გალიხევი ჩამოუდის, რომელიც სოფელ სკრასთან ერთვის მტკვარს.

კოშკებში ძირითადად მესაქონლეობას და მეხილეობას მისდევენ. შეძლებისდაგვარად ამუშავებენ ბაღებსაც. სოფელში არის აგრეთვე წყლის წისქვილიც, რომელიც სამწუხაროდ აღარ ფუნქციონირებს.



სოფელში ბევრი მიტოვებული სახლია. მათი მფლობელები ახლა ვლადიკავკაზში ცხოვრობენ, რომლებიც 90-იანი წლების კონფლიქტს გაექცნენ და თავშესაფარი სამშობლოსგან შორს - ჩრდილოეთ ოსეთში იპოვეს. ,,ჩემი შვილი და და-ძმები სულ იქ ცხოვრობენ. აქ გასვენებებში და დღეობებში თუ ჩამოდიან, ისიც ხანდახან." - გვიყვება ვახტანგ ხარებათი.

ვახტანგ ხარებოვი ჩვენი პირველი რეპოდენტია კოშკებში. მისი თქმით, წინაპრები თავის დროზე - ჯავის რაიონიდან ჩამოსახლდნენ ხაშურში, ხაშურიდან კი კოშკებში დაუდიათ ბინა.

,,მე აქ დავიბადე და გავიზარდე, არსად არ წავსულვარ, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობა არ მაქვს, რომ ან არჩევნებში მივიღო მონაწილეობა, ან პენსია ავიღო. იუსტიციის სამინისტროსაც ბევრჯერ მივმართე, მაგრამ უშედეგოდ"

სოფლამდე მისასვლელი გზა სავალალო მდგომარეობაშია, მოასფალტებული გზა რიეთის შემდეგ წყდება.



,,დაგვპირდნენ გზასაც გავაკეთებთო და ალბათ მალე გააკეთებენ. წელს გაზი შემოიყვანეს და ყველაფერს ერთდროულად ხომ ვერ გააკეთებენ?" - ამბობს ვახტანგ ხარებოვი.

ამ ყველაფერთან ერთად, კოშკების მთავარი პრობლემა მაინც სასმელი წყალია. ადგილობრივების თქმით, ის წყალი, რომელიც სოფელშია გაყვანილი - სასმელად უვარგისია.

კოშკებში 2014 წლის აღწერით 176 ადამიანი ცხოვრობს.

თავისი ყოფის შესახებ გვიყვება კატო მწარიაშვილიც, რომელიც კოშკებში ერთადერთ შვილთან ერთად ცხოვრობს, რომელიც მძიმე დაავადებას ებრძვის:  ,,ქათამიც არ მყავს. ეს ბაღი მაქვს და ერთი მეასედიც არ იქნება. პენსია მერიცხება და ისიც ჩემი გოგოს წამლებში მეხარჯება სულ, სხვა დახმარება მე არ მაქვს."

90-იან წლებს თავშეკავებით იხსენებენ ,,სხვა სოფლებიდან მოდიოდნენ ჩვენკენ, მაგრამ რიეთის ხალხმა ,,პიკეტი" გააკეთა და არავის უშვებდნენ აქ, რომ შევევიწროებინეთ."

ამ დროს წვიმამაც გადაიღო და ჩვენი მოგზაურობა კოშკებში დასრულდა.


ავტორი: გიორგი ელიაური.


Print

სტატიის გამოყენების პირობები