ახალი ამბები
გორში დაზიანებულ სახურავს კომპანია ,,მშენებელი 2013" გააკეთებს
გორში დაზიანებულ სახურავს ის კომპანია გააკეთებს, რომელმაც ორი წლის წინ აღნიშნული სამუშაოები შეასრულა. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა მამია ბორცვაძემ ქართლი.გე-ს განუცხადა.

მისი თქმით, ის დღეს დილით გორის მერიაში იმყოფებოდა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა:

,,სამუშაოებს ჩვენ ჩავატარებთ ჩვენი სახსრებით. მერია ამ სამუშაოებში არც ერთ თეთრს გაიღებს. იქ კიდევ არის დამატებითი სამუშაოები, იმასაც ჩვენ გავაკეთებთ. როგორც დავადგინეთ, წინასწარი ინფორმაციით. ე.წ. კუდიანი საფარელი დაზიანდა, ასე უწოდებენ მშენებლები მაგ ადგილს. სტიქია იყო და ამიტომ გამოიწვია ეს დაზიანება" - აცხადებს მამია ბორცვაძე.

შეგახსენებთ, გუშინ, შუადღეს, გორის ცენტრში, სტალინის გამზრიზე კორპუსს სახურავი ახადა და ქუჩაზე გადმოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ქართლი.გე-მ მოიძია მასალები იმის შესახებ, თუ რა ისტორია გააჩნდა აღნიშნულ სახურავს.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ეს სახურავი დაზიანდა 2013 და 2017 წლებშიც. მისი რეაბილიტაცია კი ბოლო 8 წელიწადში 3-ჯერ განხორციელდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები