ახალი ამბები
დასეტყვილ სოფლებში პოლიცია ჟურნალისტებს არ უშვებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ქვემო ხვითსა და ნიქოზში ჟურნალისტებს პოლიცია არ უშვებს. ამის მიზეზს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არ ასახელებენ.

დღეს აღნიშნული სოფლები დაისეტყვა. სოციალურ ქსელში რამდენიმე მცხოვრებმა ფოტოებიც გამოაქვეყნა. შს სამინისტროს წარმომადგენლები გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში შეზღუდვებს სტიქიის დროსაც აწესებენ.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სტიქია თითქმის 20 წუთი გაგრძელდა. მათი თქმით, დაზიანებულია ხეხილი, ვაზი და სასოფლო სამეურნეო სავარგულები.

ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებმა ორი დღის წინ საგანგებო შეხვედრა  გამართეს. ჟურნალისტები თავისუფლად გადაადგილების უფლებას ითხოვენ. ერთობლივი მიმართვაც შეადგინეს.

შეხვედრის მონაწილის, გოგა აფციაურის ცნობით, მედიის პრობლემების შესახებ, აშშ-ს საელჩოს უკვე აცნობეს. ჟურნალისტების პროტესტი პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.

,,შეზღუდვის მიზეზად თითქმის ერთი წელია უსაფრთხოება სახელდება. სამართალდამცველებს არ გააჩნიათ არანაირი დოკუმენტი, რითაც ჟურნალისტებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას უზღუდავენ." - აცხადებს ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები