ახალი ამბები
ბიბილოვი პატიმრების მშობლებს: - ,,ყველა გაიგებს, ვინ ვინ არის"
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ანატოლი ბიბილოვი პატიმრების მშობლებს შეხვდა. ახლობლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა კრიმინალების მმართველობას არ დაექვემდებარება.

ბიბილოვმა პატიმრების ნათესავებს, ციხეში მომხდარი ინციდენტის შესახებ, ინფორმაცია მიაწოდა. მისი თქმით, ციხიდან 14 ტელეფონი ამოიღეს.

"იმ საკნიდან, სადაც პატიმარი ყულუმბეგოვი იჯდა, ორი ტელეფონი ამოიღეს. ტელეფონებში განთავსებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება ფართო საზოგადოებისთვის, ასე რომ ყველა გაიგებს, ვინ და რა არის სინამდვილეში". - განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვმა აღნიშნა, რომ მეორე დღეს ციხის თანამშრომლებმა კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღეს, თუმცა არავინ უცემიათ. ისინი შეეცადნენ პატიმრების გადაყვანას სხვადასხვა კამერაში.

"ერთ-ერთი მათგანი ყვიროდა, რომ ყველას საკუთარი თავისთვის ჭრილობები მიეყენებინა, რაც მათ გააკეთეს კიდეც." - ხაზგასმით აღნიშნა ბიბილოვმა.

მისი თქმით, წლის განმავლობაში ციხეში პატიმრებისთვის ყველა სათანადო პირობა შექმნეს, შეაკეთეს პატიმრების სასეირნო ტერიტორია, აქვთ დღეში სამჯერადი კვება.

"ისინი ყველანი ჩვენი რესპუბლიკის ყველა მოქალაქეები არიან, რომლებმაც ჩაიდინეს უკანონო ქმედებები, მკვლელობები და ქურდობები. საზოგადოებისგან იზოლირებულნი სწორედ ამ ქმედებებისთვის არიან. იზოლატორში არის გარკვეული წესები, რომელიც პატიმრებმა უნდა დაიცვან ", - აღნიშნა ბიბილოვმა.

ერთ-ერთი პატიმრის, კაბიზოვის ახლობლებმა დე-ფაქტო რესპუბლიკის მეთაურს სთხოვა, რომ მსჯავრდებულს სამედიცინო დახმარება გაუწიონ, რადგან ქირურგიული ჩარევა სჭირდება.

შეგახსენებთ, ცხინვალის კოლონიიდან 6 პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს, რომელთაც სხეულზე ჭრილობები აღენიშნებათ. დე-ფაქტო რესპუბლიკის შს სამინისტროს ირწმუნება, რომ მათ თვითდაზიანებები მიიყენეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები