ახალი ამბები
,, კომპანია ცდილობდა, რომ ტენდერი მის სასარგებლოდ მოგვერგო“ - ქარელის მერის მოადგილე
არელის მერის მოადგილე, ნათია მაწონაძე განმარტავს, რომ ტენდერის პირობების მორგებას საკუთარ თავზე ის კომპანია ცდილობდა, რომელმაც მერიას ორჯერ უჩივლა.

ამის შესახებ ქარელის მერის მოადგილემ, ნათია მაწონაძემ განგვიცხადა. საქმე ქარელის საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ სიტუაციას ეხება.

ტენდერში ,,საბა კონსტრაქშენმა“ გაიმარჯვა, ხოლო შედეგებს რამდენიმე თვის განმავლობაში ,,კონსტრაქშენ სერვისი“ აპროტესტებდა.

Qartli.ge წერდა, რომ შესყიდვების სააგენტომ დაახლოებით 6 მლნ-იან პროექტთან დაკავშირებით, არაერთი რეკომენდაციის დაცვისკენ ქარელის მერიას მოუწოდა, მიუხედავად ამისა, მერიამ შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაცია საბოლოოდ არ შეასრულა.

ნათია მაწონაძე განმარტავს, რომ სატენერო კომისია არ დაუშვებდა მომჩივანი კომპანიისთვის მისაღები პირობების შემუშავებას. მან თქვა, რომ მომჩივანი კომპანია ტენდერის პირობების სათავისოდ მორგებას ცდილობდა.

მომჩივანი კომპანიის შეფასებით კი, ტენდერის პირობები იმ კომპანიას მოარგეს, რომლის გამარჯვებაც სურდათ.

I რეკომენდაცია


თავდაპირველად, ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის სატენდერო კომისიამ, 2020 წლის 28 იანვარს, საცურაო აუზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერის პირობები ჩამოაყალიბა შემდეგნაირად: გამარჯვებულ კომპანიას, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის გარდა, საცურაო აუზის მშენებლობა-რეაბილიტაციის შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონოდა.

,,ანუ აღვნიშნეთ, რომ კომპანია, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვინც შემოვიდოდა ტენდერზე, არ ყოფილიყო შეზღუდული და გამოცდილების დასადასტურებლად რამოდენიმე ალტერნატივა შევთავაზეთ. ერთ-ერთმა კომპანიამ, ,,კონსტრაქშენ სერვისმა’’ გაასაჩივრა აღნიშნული მუხლი და ითხოვა, რომ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ნაცვლად, განსაზღვრულიყო ყველა მსგავსი დიდმალიანი შენობის გამოცდილება“ - ამბობს ნათია მაწონაძე.

შესყიდვების სააგენტომ დააკმაყოფილა ,,კონსტაქშენ სერვისის“ საჩივარი და მერიას სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის გადასინჯვა მოსთხოვა. ამავე დროს, ახალი გადაწყვეტილების მიღების დროს, შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული მოსაზრებების გათვალისწინება ურჩია.

,,სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ რას, რომ შემსყიდველ ორგანიზაციას თავად შეუძლია განსაზღვროს მოთხოვნები ობიექტის პრედენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის გამოცდილებასთან დაკავშირებით. ასევე, ხაზგასმით აღნიშნავს დავების საბჭო, რომ ის გარემოება, რომ მომჩივან ორგანიზაციას არ გააჩნია განსაზღვრულ ობიექტზე, სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და საცურაო აუზის მშენებლობა-რეაბილიტაციის შესრულების გამოცდილება, ვერ იქნება მიჩნეული, როგორც ბაზარზე არსებული პოტენციური მიმწოდებლებს შორის კონკურენციის შეზღუდვა. ამას მკაფიოდ აღნიშნავს. ანუ აქ ცალსახად არის აღნიშნული, რომ არ ყოფილა დისკრიმინაციული ჩანაწერი, რომ არ შეზღუდულა რომელიმე პრეტენდენტის ინტერესი.“ - განმარტავს ნათია მაწონაძე.

მიუხედავად ამისა, ქარელის მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიამ სადავოდ გამხდარი პუნქტი ამოღო, ანუ სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსისა და საცურაო აუზის ნაცვლად, ნებისმიერი შენობის სამშენებლო სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჩაწერა.

მაგრამ, შეცვალა სხვა პირობაც. მაგალითად, თუკი თავდაპირველი ვარიანტით, სამშენებლო კომპანიას დაახლოებით 5 მლნ ლარის სამუშაოების გამოცდილება უნდა ჰქონოდა ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, ამჯერად 10 მლნ ლარამდე გაზარდეს. რატომ? დავუსვით კითხვა ნათია მაწონაძეს.

,,ამ შემთხვევაში პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე; იქიდან გამომდინარე, რომ მასშტაბურ პროექტთან გვაქვს საქმე, უნდა ყოფილიყო შერჩეული ძლიერი კომპანია, რომელსაც ექნებოდა მსხვილი ობიექტების მშენებლობის გამოცდილება და მინიმუმ მაინც უნდა ჰქონოდა ამ პროექტის ღირებულების 100%-ის ოდენობის გამოცდილება ერთი ხელშეკრულების ფარგლებში. საუბარია არა რომელიმე კონკრეტულ წელზე, არამედ საუბარია ბოლო 3-4 წელზე.“ - აცხადებს მერის მოადგილე.

კომპანია ,,კონსტრაქშენ სერვისმა“, მერის მოადგილისთვის გაურკვევლად, იგივე პირობა გაასაჩივრა და მოითოვა, რომ ნაცვლად 100%-სა, ყოფილიყო 50%. რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულ კომპანიას უნდა ჰქონოდა არა თუ 10 მლნ ლარის სამუშაოების გამოცდილება, არამედ მისი 50%-ის.

,, ჩნდება შეკითხვა: რატომ ითხოვს კონკრეტული კომპანია საკუთარ თავზე ტენდერის პირობების მორგებას. ეს არის ცალსახა. 50% აწყობდა იმიტომ, რომ არ ჰყოფნიდა გამოცდილება. 50%-ს დიდი ალბათობით აკმაყოფილებდა და ამიტომ უნდოდა, რომ თანხის ოდენობა დაწეულიყო. ანუ პირველ და მეორე შემთხვევაში მივდივართ იქამდე, რომ კონკრეტული კომპანია საკუთარი ინტერესებისთვის ასაჩივრებს კონკრეტულ ტენდერს. მხოლოდ იმის გამო, რომ მოირგოს საკუთარ თავზე ტენდერი. ესეთი რაღაცა არის გამორიცხული.“ - ამბობს ნათია მაწონაძე.

ქარელის მერის მოადგილე ამტკიცებს, რომ სატენდერო კომისიის თითოეული წევრი თავის გადაწყვეტილებაზე აგებს პასუხს. დასკვნები მზადდება ხმათა უმრავლესობით.

,,შესაბამისად არც ერთ კომპანიას მივცემთ იმის უფლებას, რომ რომელიმე კონკრეტული ტენდერი მოირგოს თავის თავზე. ესე რომ არ გაგვეკეთებინა, მერე გაჩნდებოდა ასეთი შეკითხვა, თუ, რატომ დაწია ქარელის მუნიციპალიტეტმა 50%-მდე.“ - აცხადებს მერის მოადგილე.

მეორე საჩივრის შემდეგ, დავების საბჭომ ახალი რეკომენდაცია შეიმუშავა. ამჯერად, მერიას კვლავ უნდა გადაეხედა სადავო პირობისთვის და სამოტივაციო ნაწილის მიხედვით შეემუშავებინა.

II რეკომენდაცია

მეორე სარეკომენდაციო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ვკითხულობთ, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია, შესყიდვების სპეციფიკიდან გამომდინარე, არის თავისუფალი. ხოლო მერიამ უნდა იმსჯელოს იმის შესახებ, თუ რა მიზნის მისაღწევად არის მოთხოვნილი ასეთი პირობა. ასევე, რამდენად მიზანშეწონილია მისი გამოყენება დასახული მიზნის მისაღწევად; ბაზარზე არსებობს თუ არა სხვა მიმწოდებელი ანუ პოტენციური კლიენტი, რომელიც შეძლებს დააკმაყოფილოს წაყენებული პირობები.

ამ კითხვებზე მერის მოადგილე პასუხობს:

,,ჩვენ 2020 წლის 1-ელ აპრილს დეტალურად დავასაბუთეთ. კერძოდ, გავითვალისწინეთ დავების საბჭოს პირველი გადაწყვეტილება, ამოვიღეთ პირვანდელი ჩანაწერი, ჩამოვაყალიბეთ იმ ფორმულირებით, რა ფორმულირებითაც დადგინდა შემდეგ სატენდერო პირობები, ასევე ჩატარდა ბაზრის კვლევა, რამდენად არსებობდა ანალოგიური ტიპის გამოცდილების მქონე სხვა კომპანიები ბაზარზე. ეს არის ღია სივრცე. Spa.ge - აქ არ არის დაფარული რაიმე . ნებისმიერ კომპანიაზე შეიძლება ინფორმაციის მოძიება. თუ მოძებნით ძალიან ბევრი კომპანიაა და ოქმში მინიმუმ სამი გვყავს მოხსენიებული. „ - აცხადებს ნათია მაწონაძე.

მერის მოადგილე განმარტავს, რომ ტენდერი გამოცხადებული იყო დაფარული წესით:
,,ანუ ჩვენ ვერ ვხედავთ ყოველი შემდეგი პრეტენდენტი ვინ იქნება. გასაგებია რომ ,,საბაკონტრაქშენმა’’ გაიმარჯვა სატენდერო ღირებულებაში, თუმცა ანალოგიური თანხით სრულებით შესაძლებელი იყო, რომ მონაწილეობა სხვას მიეღო. დროში ადრე ვინც მოასწრებს, ერთნაირი ფასების შემთხვევაში, ის არის გამარჯვებული.“ - აღნიშნავს მერის მოადგილე.
გამარჯვებული ,,საბა კონტრაქშენი’’ პირველ ეტაპზე არ აკმაყოფილებდა მოთხოვნეს, დააზუსტებინეს დოკუმენტები:

,,წარმოგვიდგინა გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესაბამისად გამოვლინდა გამარჯვებულად. ეს კომპანია, რომელიც დღეს გვისრულებს სამუშაოებს, არის თეთრ სიაში დარეგისტრირებული კომპანია, სადაც ასე უბრალოდ ვერ ხვდებიან კომპანიები. ეს არის საქმიანი რეპუტაცია, გამოცდილება, შესრულებული სამუშაოს ხარისხი და აშ. მოვიდნენ ხელშეკრულებაზე და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები.“ - აცხადებს ნათია მაწონაძე.


იხ. ამავე თემაზე:

ქარელის მერს შესყიდვების სააგენტომ მეორე გაფრთხილება მისცა

Print

სტატიის გამოყენების პირობები