ახალი ამბები
,,მინდა, რომ ჩემმა კუთხემ ჩემითაც იამაყოს“ - ლიკა ვანიშვილი ესეების კონკურსისი ფინალისთვის ემზადება
არასამთავრობო ორგანიზაცია "კოგნიტიოს" მიერ გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც კოვიდ 19-ის პანდემიას უკავშირდება, შიდა ქართლს ლიკა ვანიშვილი წარადგენს. ლიკა გორის მე-4 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. ის მსგავსი ტიპის კონკურსებში მონაწილეობას ხშირად იღებს:

,,ყველაზე „სასაცილო (თუმცა მაშინ ეს ასე სულაც არ მეჩვენებოდა)“ შემთხვევას გაგანდობთ: თავდაპირველად, როდესაც ნაშრომი ავტვირთე, თავისდაუნებურად ყველაფერი წაიშალა! გავბრაზდი, მაგრამ არ შევეპუე და ხელმეორედ, უფრო მეტი გრძნობითა და შემართებით დავწერე ის, რასაც გულით ვფიქრობდი. შედეგმაც არ დააყოვნა: რამდენიმე დღეში მობილურზე ზარის ხმა გაისმა - გავიფიქრე, რომ აუცილებლად კარგ ამბავს შევიტყობდი, და - „გამარჯობა ლიკა! შენ წარადგენ შიდა ქართლს, გილოცავ!“.

ლიკა სკოლაში წარჩინებით სწავლობს და ცდილობს საშუალო საფეხური წარმატებით გადალახოს, რათა სკოლა ოქროს მედალზე დაამთავროს:

,,ღრმა ბავშვობიდან მუდმივად ვაკვრიდები გარემოსა და სამყაროს. მუდმივად ვცდილობ შევიმეცნო ყველაფერი, რაც მსურს, რომ ვიცოდე. არასდროს ვყრი ფარ-ხმალს და უშიშრად ვეგებები მომავალს. სკოლაში წარჩინებით ვსწავლობ, სულ ახლახანს მივიღე ლეპტოპიც - საშუალო საფეხურის წარმატებით გადალახვისთვის და ვაგრძელებ სწავლას, რათა სკოლა ოქროს მედალზე დავამთავრო, ვასახელო ჩემი ოჯახი, მასწავლებლები და ყველა კეთილისმოსურნე. ყოველი წარმატებისას ვგრძნობ ღმერთის თანადგომას - ის მუდმივად მეხმარება, არასდროს მტოვებს.

აუცილებლად მოვიკრებ ძალებს, კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდები იმ ფართო მასშტაბის პრობლემას, რასაც სასტიკი ვირუსი ჰქვია და გამოვკვეთავ ჩემს სათქმელს, რომელიც მინდა, რომ ხალხს მივაწვდინო და გავაგებინო! მინდა, რომ ჩემმა კუთხემ ჩემითაც იამაყოს და ყოველთვის ვიტყვი, რომ უფალი არასდროს მიგვატოვებს,“- ამბობს ლიკა.

“კოგნიტიოს" ესეების კონკურსის 12 რჩეული მონაწილე 12 რეგიონიდან უკვე შერჩეულია. ესენია: აჭარა - ნინო შარვაშიძე; გურია - თაზო ჯოჯუა; სამეგრელო - ანა ქარჩავა; სვანეთი - მარიამ ქურასბედიანი; იმერეთი - ელენე ჭელიშვილი; იმერეთი - სალომე გაფრინდაშვილი; შიდა ქართლი - ლიკა ვანიშვილი; ქვემო ქართლი - ქრისტინე ქუქჩიშვილი; კახეთი - ნინო ღლიღვაშვილი; სამცხე-ჯავახეთი - მაია ხუციშვილი; მცხეთა-მთიანეთი - ნუცა ჯოხაძე; თბილისი - ვიქტორია არაქელიანი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები