ახალი ამბები
კომპანიას, რომელიც მეტეხის დევნილთა დასახლებაში სამშენებლო მასალებს მიიტანს, ხარისხს არ სთხოვენ
მოქალაქე დავით ანთაძეს ეჭვი აქვს, რომ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დევნილთა დასახლებაში, უხარისხო სამშენებლო მასალებს მიიტანს.

მისი აზრი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია ყველა შესაბამისი დოკუმენტი წარადგინოს, რომლის ანალიზის შემდეგ, ერედვის გამგეობამ გადაწყვეტილება უნდა მიიღო.

საუბარია პარკეტის, ცემენტისა და სხვა სამშენებლო მასალების ხარისხზე. ერედვის გამგეობამ იმ მოქალაქეთა ოჯახებისთვის, რომლებიც პატარა ლიახვის ხეობიდანაა დევნილი, სამშენებლო მასალების შესყიდვა გადაწყვიტა.

,,შემოთავაზებული მასალები უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს. კომპანია ვალდებულია ცემენტის ნიმუშთან ერთად წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია, სერთიფიკატი ან ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური საიტიდან, რომელიც უნდა იყოს ამობეჭდილი და ნოტარიული წესით ქართულ ენაზე თარგმნილი.“ - აღნიშნავს განცხადებაში დავით ანთაძე.

მისი განმარტებით, იგივე დოკუმენტებია საჭიროა ლამინირებული პარკეტის ხარისხის დასადგენად. პარკეტის სერთიფიკატი უნდა იძებნებოდეს მწარმოებლის ვებ-გვერდზე(ინტრენეტ სივრცეში) ანალოგიური სპეციფიკაციით.

როგორც ირკვევა, ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2020 წლის 5 ივნისს გამარჯვებულად გამოაცხადა შპს ,,ეგო“. მან გამგეობას მხოლოდ ფასების ცხრილი წარუდგინა. დავით ანთაძე ითხოვს, რომ შპს ,,ეგოს“ დისკვალიფიკაცია მისცეს.
აღნიშნულ განცხადებას ერედვის გამგეობის ხელმძღვანელი, მურად ბერუაშვილი პასუხობს:

,,სატენდერო პირობები არ ითვალისწინებდა ხარისხის და შესაბამისობის სერთიფიკატების წარმოდგენის ვალდებულებას, რამდენადაც სერთიფიკატების შესაბამისობის განხილვა ხდება კონკრეტული, მარკირებული საქონლის ნიმუშთან მიმართებაში, ელექტრონულ სივრცეში მისი შემდგომი მიკვლევადობის გზით. ხოლო ცალკე აღებული სერთიფიკატი-ქსეროკოპია არ წარმოადგენს რაიმე სახის ინფორმაციის მატარებელ დოკუმენტს. დამატებით აღვნიშნავთ, რომ ტენდერში პრეტენდენტებს მოეთხოვებოდათ სერთიფიკატებს წარმოდგენა ორი სახის სამშენებლო მასალებზე - ცემენტი და ლამინირებული პარკეტი. შპს ეგო-მ შემოგვთავაზა გერმანული კომპანია “Krono origimal”-ის წარმოებული ლამინატი და შპს „იბერიაცემენტი“-ს წარმოებული ცემენტი.“ - აღნიშნავს მევლუდ ბერუაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები