ახალი ამბები
თამარ თედლიაშვილი: ,,ოჯახსაც არ აქვს ინფორმაცია, ზუსტად რა მოხდა რესტორანში"
გორის რესტორანში ნაცემი, 18-წლის ერეკლე თედლიაშვილის ადვოკატი თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ოჯახს დეტალური ინფორმაცია არ აქვს იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რაც 9 ივნისს, გამთენიისას მოხდა.

დაზარალებული მამაკაცის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ის თბილისში სპეციალიზირებულ კლინიკაში გორმედიდან გუშინ გადაიყვანეს.

8 ივნისს საღამოს რესტორანში ახალგაზრდები ქეიფობდნენ. ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება შენობიდან ქუჩაში გადაინაცვლა. წინასწარი ინფორმაციით, დაპირისპირება მასშტაბურ ჩხუბში გადაიზარდა. მძიმე დაზიანება, თავის არეში, მიიღო ერეკლე თედლიაშვილმა, რომელიც ადვოკატ თამარ თედლიაშვილის ბიძაშვილია.

,,ჩვენ ვენდობით გამოძიებას. თუ რაიმე უნდობლობა გაჩნდება, ამას აუცილებლად განვაცხადებთ. ჩვენთვის რაც არის ცნობილი, ის არის საკმარისი. საქმის მასალები ჯერ დაცვის მხარესაც არ წარდგენია, რადგან დაკავებულ პიროვნებას ბრალი არ აქვს წარდგენილი" - ამბობს თამარ თედლიაშვილი.

შეგახსენებთ, 9 ივნისს, გორის პოლიციამ 1998 წელს დაბადებული თ.კ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით ვერსიით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ჯოზეფში", 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები