ახალი ამბები
,,მთავარია ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა" - დაკავებუსლი ადვოკატი
გორის რესტორანში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალი გახდა ცნობილი. 18-წლის ბიჭი დარტყმის შედეგად მეორე სართულიდან გადავარდა.

დაკავებულის ადვოკატი შოთა მანელიძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მთავარი საზრუნავია დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

,,ჩვენთვის, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დაკავებულის ოჯახს, უმთავრეს ღირებულებას წარმოადგენს ახალგაზრდა ბიჭის, ერეკლე თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ, შეგნებულად თავს ვიკავებთ ზედმეტი კომენტარის გაკეთებისგან და ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე, ერთ-ერთი პირველი საზრუნავი არის თედლიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ გაჟღერდა, თითქოსდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იმყოფებოდა ინციდენტის ადგილზე ვინმე სხვა პირთან ერთად, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ინციდენტის არსებობისას, ადგილზე იმყოფებოდა მხოლოდ თარაშ კანდელაკი", - განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.

შოთა მანელიძემ განმარტა, რომ მიუხედავად დაკავებისა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარდგენილი არა აქვს:

,,ბუნებრივია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან მქონდა არაერთგზის შეხვედრა, თუმცა, ამ ეტაპისთვის, ბრალთან მიმართებაში, რადგან ასეთი საკითხი ჯერ არ დამდგარა, კონკრეტული პოზიცია არ გვაქვს ერთობლივად ჩამოყალიბებული და შესატყვის ეტაპზე ამის თაობაზე მოგახსენებთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ყველა ის გარემოება, ყველა ის ვითარება, ცალსახად მეტყველებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ის დანაშაული, რაზეც ხდება აპელირება. რაც შეეხება მოტივს, ფაქტობრივად, ბუნებაში არ არსებობს რაიმე კონკრეტული საწყისი გარემოება, რაც შეიძლებოდა მამოძრავებელი ყოფილიყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, რომ რაიმე უკანონობა ჩაედინა მას, არავითარი განზრახვის არსებობაზე საუბარი არ შეიძლება იყოს", - აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

პოლიციაში იმყოფებოდა ასევე დაზარალებული ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატი თამარ თედლიაშვილიც. ის გამოძიების მიმდინარეობით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ ოჯახს გამოძიების იმედი აქვს:

,,ჩვენ ვენდობით გამოძიებას. თუ რაიმე უნდობლობა გაჩნდება, ამას აუცილებლად განვაცხადებთ. ჩვენთვის რაც არის ცნობილი, ის არის საკმარისი. საქმის მასალები ჯერ დაცვის მხარესაც არ წარდგენია, რადგან დაკავებულ პიროვნებას ბრალი არ აქვს წარდგენილი" - ამბობს თამარ თედლიაშვილი.

შეგახსენებთ, 9 ივნისს, გორის პოლიციამ 1998 წელს დაბადებული თარაშ კანდელაკი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით ვერსიით, ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქალაქ გორში, სტალინის ქუჩაზე მდებარე რესტორან "ჯოზეფში", 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები